მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
სამეცნიერო კონფერენცია „ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ გაიმართა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია „ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ გაიმართა.

კონფერენციის მთავარი მომხსენებელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისტორიკოსი ჯემალ გამახარია იყო, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პირველი წლები გაიხსენეს და ზვიად გამსახურდიას როლზე ისაუბრეს ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა.

კონფერენციაზე ნაჩვენები იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ეროვნული მოძრაობის ლიდერები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.