აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით უცნობის ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
„ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღეს და პატივს მივაგებ ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას.
ვაფასებ ყველა იმ ვეტერანის ღვაწლს, რომელთა შორის აფხაზეთის მკვიდრნიც მრავლად არიან. მათ თავიანთ მხრებზე გადაიტანეს ომის მთელი სიმძიმე და დღეს, ამაყნი, ვალმოხდილნი, გამარჯვებულნი დგანან საკუთარი ქვეყნისა და კაცობრიობის წინაშე. ჩვენი ვალია, მათი თავდადება და გმირობა სათანადოდ იყოს დაფასებული და მაგალითს წარმოადგენდეს მომავალი თაობებისთვის“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
ვაკის პარკში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები.