თქვენო უწმინდესობავ!
ქალბატონო პრეზიდენტო!
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ!
პატივცემულო პარლამენტისა და მთავრობის წევრებო!
პატივცემულო ელჩებო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო!
ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო თანამემამულენო!
მივესალმები სრულიად საქართველოს და გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - ყველაზე დიდ ეროვნულ დღესასწაულს.
ვულოცავ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ემიგრანტებს, ყველას, ვისთვისაც 26 მაისი ძვირფასია.
მინდა, განსაკუთრებით მოგილოცოთ თქვენ, ჩვენს წვევამდელებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებმაც ფიცი დადეთ საქართველოს წინაშე და გახდით საქართველოს ჯარისკაცები. დარწმუნებული ვარ, თქვენ ერთგულად და თავდადებით დაიცავთ საქართველოს ინტერესებს და უერთგულებთ ქართველი მეომრის ღირსეულ სახელს.
მინდა, განსაკუთრებით მოვულოცო ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს მეომრებს, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო მისიებში და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძვიან მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის და იცავენ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვამაყობთ თქვენით!
ნებისმიერი საზოგადოების თავმოყვარეობა იზომება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას იმ ხალხთან, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ მის სახელს და ღირსებას. სწორედ ამიტომაც, ნებისმიერი ქართველისთვის ქართული ჯარი არის ყველაზე ძვირფასი.
ჩვენ დავიწყეთ ჩვენი სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის სამხედრო ქალაქის მშენებლობა თბილისში და მსგავს პროგრამებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ.
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ეს ისტორია ბრძოლის ისტორიაა, ბრძოლისა - თავისუფლებისთვის და რწმენისთვის, ჩვენი ტრადიციებისთვის, ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, იმ ფასეულობების დაცვისთვის, რომელმაც ჩვენი საერთო ევროპული ცივილიზაცია შექმნა.
სწორედ ამიტომ, ჩვენი ევროპული არჩევანი - ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც განაპირობა ქართველი ერის თავგანწირულმა ბრძოლამ და რაც გახდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის ქვაკუთხედი.
მეგობრებო, დღეს იმ რესპუბლიკის დაბადების დღეა, რომლის არსებობა არც გარეულმა მტერმა აპატია საქართველოს და არც შინაურმა.
დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომელიც სწორედ იმ ღირებულებებზე და ფასეულობებზე დგას, 100 წლის წინ რომ ამკვიდრებდა პირველი რესპუბლიკის თაობა.
ჩვენ მადლიერი ვართ ყველასი, ვინც აქამდე მოიყვანა ეს ქვეყანა.
დღეს არის 26 მაისი და სიმბოლურია, რომ საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. 2019 წელს 80 წელი შეუსრულდებოდა ჩვენს პირველ პრეზიდენტს - ზვიად გამსახურდიას. მინდა, ქედი მოვიხარო მათი ნათელი ხსოვნის წინაშე.
ჩვენ ბევრი ტკივილი გამოვიარეთ თავისუფლებისთვის, ერთიანობისთვის და ყველა ბრძოლამ შვა თავისი გმირები! ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს სამშობლოს ერთგულ შვილებს, რომლებმაც თავისი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს ღირსებას. ჟიული შარტავა, ზურაბ იარაჯული, ზაზა დამენია, გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ყველა გმირის სახელი სამარადჟამოდ შევა ჩვენს მრავალსაუკონოვან ისტორიაში და თაობები გაიზრდებიან მათ მაგალითზე.
მეგობრებო, ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და უკეთესი მომავლისთვის დღესაც გრძელდება.
ამ საზეიმო დღეს მე მსურს, მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს და მათ მივულოცო ჩვენი საერთო სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე! ეს არის დღე, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს!
ჩვენი წინაპრები მხარდამხარ იბრძოდნენ ჩვენი საერთო სამშობლოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის და მინდა გითხრათ, რომ თითოეული თქვენგანის ტკივილი საქართველოს ტკივილია, საქართველოს თითოეული წარმატება კი თქვენი წარმატებაა! ჩვენ საქართველოს მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია.
საქართველოს თითოეულ მოქალაქეში ცოცხლობს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ამავე დროს, საქართველოს თითოეული მოქალაქე ქმნის ჩვენი სამშობლოს მომავალს!
მხოლოდ განვითარებით და მშვიდობით, მუხლჩაუხრელი შრომით და ერთსულოვნებით, სამშობლოს სიყვარულით და ჩვენი ეროვნული იდეით - განათლებით, ჩვენ დავძლევთ სიღარიბეს, ჩვენ დავძლევთ ოკუპაციას და შევქმნით ერთიან და ძლიერ სახელმწიფოს!
დღეს, 26 მაისს ჩვენთან ერთად აღნიშნავენ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და მინდა მათ მივმართო, მინდა, მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს ყველაზე განათლებულ, ერთ მუშტად შეკრულ, მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ საქართველოს!
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ეს დღე ჩვენია!
დიდება გმირებს!
ღმერთმა დალოცოს საქართველო!