მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი გაიმართა

2-3 ივლისს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ შეზღუდვების დაწესებასა და აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მძიმე შედეგებზე.

ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის გახსნის მიზნით.

მოლაპარაკებებზე განიხილეს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების, თავისუფალი გადაადგილებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვის საკითხები, რაც ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას.

განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების, აგრეთვე კოდორის ხეობის მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაცია, მათი მძიმე ჰუმანიტარული და სოციო-ეკონომიკური საცხოვრებელი პირობები. მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დასვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საჭიროების საკითხი.
 
განხილვის მნიშვნელოვანი თემა იყო დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში გარდაცვალებაზე და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვეს  საქმის მასალების დაუყოვნებლივი გაზიარება.

მოლაპარაკებებისას საქართველოს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თემის საგნობრივი განხილვის მნიშვნელობაზე. თუმცა, აღნიშნულ საკითხზე დისკუსიისას მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დატოვეს მოლაპარაკებები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ დესტრუქციულ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემის მიმართ. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 8-9 ოქტომბერს გაიმართება.