აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და გაეცნო პრობლემურ საკითხებსა და მათ საჭიროებებს. განსაკუთრებით აღინიშნა განსახლებასთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები.
მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა დევნილთა საკითხების მოსაგვარებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის შესახებ და დევნილებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შუამდგომლობას და მოგვარებას დაჰპირდა.
შეხვედრაში ქალაქ ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.