ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ მადრიდში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან აბაშიძისა და ესპანური ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ „FINSOL"-ის პრეზიდენტ ხულიო გარსია კარპიოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი ჰუმანიტარული და სოციალური ხასიათის პროექტები, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და „FINSOL“-ის თანამშრომლობით წლების განმავლობაში მიმდინარეობს. მხარეები არსებული პროექტების გაგრძელებასა და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრაზე მადრიდის რეგიონის ქალაქ ტრეს კანტოს მერი ხესუს მორენო გარსია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL“ 2008 წლიდან თანამშრომლობენ. ესპანურ არასამთავრობო ორგანიზაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სხვადასხვა ჰუმანიტარული პროექტები ხორციელდება.