საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ისაუბრეს. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, დავით ლომიტაშვილმა „ოკუპირებული კულტურული მემკვიდრეობის“ შესახებ მოხსენება გააკეთა და პარლამენტის წევრებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლების ხელყოფის და მათი უკანონო რეკონსტრუქციის ფაქტების ამსახველი ვიზუალური მასალა წარუდგინა. აღინიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნია მძლავრი ბერკეტი, რათა აღკვეთოს ძეგლების ხელყოფის ფაქტები და ეს საკითხი მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების იმედად არის დარჩენილი.
სხდომაზე ასევე ისაუბრეს ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ.
მოხსენების შემდეგ კომისიის და კომიტეტის ერთობლივი სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.