მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მარიუშ მაშკევიჩს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ. გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე პოლონეთის ელჩმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის სფეროში პოლონეთის მიერ მიღწეულ წარმატებებზე და გამოთქვა სურვილი მიღებული გამოცდილება  ქართულ მხარეს გაუზიაროს. თავის მხრივ მარიუშ მაშკევიჩი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს გამოცდილებით დაინტერესდა.

მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით დევნილი საზოგადოების ჩართულობით.

შეხვედრას საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პირველი მდივანი მარცინ მამონი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.