საქართველოს დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უძღვებოდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის გააქტიურებას და შეშფოთება გამოითქვა, იმ ფაქტის მიმართ, რომ მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა კვლავ გრძელდება ორივე ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური დისკრიმინაციის აღმოფხვრის აუცილებლობას.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თვალსაზრისით კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.
მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე - რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე, ძალის არგამოყენებაზე, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნაზე და იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე.
მხარეები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებისათვის და პროვოკაციების აღსაკვეთად, კონსულტაციებისა და ონლაინ შეხვედრების რეგულარულ ფორმატში ჩატარებაზე შეთანხმდნენ.