მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

ლატვიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ ლატვიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ლატვია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთი-ერთი მთავარი მხარდამჭერია.

მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ. გააცნო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე განათლების სფეროში და გარემოს დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.