აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ ფარგლებში ფოთსა და ბათუმში მცხოვრები 17-დან 22 წლამდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ბათუმის ბოტანიკურ ბაღში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი ჩატარდა. აღნიშნული სემინარები ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ მეტი ინფორმაცია დასავლური ინტეგრაციის პროცესის უპირატესობებთან დაკავშირებით და ხელს შეუწყობს ანტიდასავლური პროპაგანდის, გავრცელებული მითებისა თუ სტერეოტიპების დაძლევას.
სემინარის მონაწილე ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი მიესალმნენ, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და პროექტის ყველა მონაწილეს წარმატება უსურვეს.
ღონისძიებაზე ასევე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, მიზნებსა და ამოცანებზე, შექმნის ისტორიაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა დასამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. ასევე, დევნილი ახალგაზრდებისთვის ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და დელფინარიუმში ექსკურსია მოეწყო.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, მათი ჩართულობის ზრდა აღნიშნულ პროცესებში და საქართველოს შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.
საგანმანათლებლო პროექტში 300-მდე დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობს, რომლებიც საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციას მიიღებენ.