აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით წინანდალში ღონისძიება „ხელოვნება მშვიდობისათვის“ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზი ხელოვანის სპექტაკლის ონლაინ-ჩვენება და ნატო მარშანიას წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ ქართულ და ინგლისურ ენებზე პრეზენტაცია. ღონისძიების ფარგლებში ასევე აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია აფხაზეთის საზოგადოების შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება და პოპულარიზაცია, ტრადიციული კულტურული კავშირების აღდგენა, აფხაზეთის მოსახლეობისათვის სახელოვნებო ცხოვრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, აფხაზეთის კულტურის , როგორც ერთიანი ქართული კულტურის ორგანული ნაწილის წარმოჩენა, პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება და ნდობის აღდგენის მოტივაციის გაზრდა, კულტურის სფეროში თანამშრომლობა და დიალოგი, რაც დადებით გავლენას ახდენს სამშვიდობო პოლიტიკის პროცესებზე.