როგორც ფაქტი, შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენმა ანტიკრიზისულმა გეგმამ ვირუსის მართვის თვალსაზრისით გაამართლა და დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველო აკონტროლებს ეპიდემიის გავრცელების რისკებს, თუმცა ასევე ნათელია, რომ ვირუსი არსად წასულა და ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ უამრავ ქვეყანას, რომელიც მძიმედ ებრძვის ვირუსის გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი გახარიამ დღემდე, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავიდანვე ბრძოლა მიმდინარეობდა ორ ფრონტზე - ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის მიმართულებებით.
„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით და ვაცხადებდით, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ ბრძოლა და გამარჯვება ამ ბრძოლაში ორ ფრონტზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კრიზისი და ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა. ჩვენ თავიდანვე, პირველივე ეტაპზე გამოვაცხადეთ სოციალური დახმარების კონკრეტული გეგმა, რომელიც მოიცავდა, როგორც გახსოვთ, კომუნალური გადასახადების კომპენსირებას სახელმწიფოს მხრიდან. ამ პროგრამით ისარგებლა საქართველოს 1.2 მლნ-მა მოქალაქემ. შემდგომ, ამასთან ერთად, ჩვენ გადავდგით შემდეგი ნაბიჯი და ეს გახლდათ ჩვენი 600 000 მოქალაქისთვის ვალის გადავადების კომპონენტი. გარდა ამისა, იდენტიფიცირება მოხდა ყველაზე დაზარალებული ეკონომიკური სექტორის - ტურიზმის და ტურიზმის პირდაპირი მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები იყო გადადგმული. ეს იყო ანტიკრიზისული გეგმის პირველი ეტაპი, თუმცა სულ მალე ნათელი გახდა, რომ ეს იყო ზღვაში წვეთი და რა თქმა უნდა, ეს ჩვენს მოქალაქეებს ვერ დააკმაყოფილებდა, არ იყოს საკმარისი. ამის შემდეგ დაიწყო სოციალური მხარდაჭერის ფართო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერას, რომელმაც დაკარგა ოფიციალურად სამსახური და მათი მხარდაჭერა, როგორც გახსოვთ, ეს იყო 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თვითდასაქმებულების მხარდაჭერა ამ ქვეყანაში არასოდეს განხორციელებულა და არც ერთი კრიზისის დროს საქართველოს არც ერთ მთავრობას თვითდასაქმებული არ გახსენებია.
„ჩვენ, თვითდასაქმებულების მხარდასაჭერად ერთჯერადად გამოვყავით 300 ლარი და გარდა ამისა, იყო დახმარებების კონკრეტული მიმართულებები - შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახების 600 ლარით, თვეში 100 ლარის დახმარების ოდენობით. თუმცა, სულ მალე გახდა ასევე ნათელი რომ ესეც საკმარისი არ იყო. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით და ვამბობდით, რომ ეს შეიძლება იყოს მძიმე და ხანგრძლივი კრიზისი და საქართველოს მთავრობა მისი მწირი ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით ყველაფერს გააკეთებს, რომ დაეხმაროს თითოეულ ქართულ ოჯახს და ჩვენ დღეს უნდა გავაგრძელოთ ამ ნაბიჯების გადადგმა," - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც შედეგი, საქართველოს მთავრობა მეორე ეტაპს ხურავს იმით, რომ ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას, ეს გახლავთ 250 000 ადამიანი, ყველანაირი შეფერხების გარეშე, სექტემბრამდე ეს თანხა დაერიცხება.
"სანამ გადავალ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც ეხება ჩვენი სოციალური ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ კრიზისში მესამე ეტაპს, მინდა გარდამავალი ერთი კომპონენტი დავხუროთ დღესვე და ეს პროგრამა დავასრულოთ, ეს გახლავთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერა. ჩვენ ეს პროგრამა დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობას მომართა 250 000-მდე მოქალაქემ თხოვნით, ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების შესახებ - თვითდასაქმებულებისთვის. რა თქმა უნდა, ეს დახმარება მიიღო ყველამ, 170 000-მა მოქალაქემ, რომელთაც სრულად ჰქონდათ დოკუმენტაცია შევსებული და ეს დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებდა მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს, თუმცა სანამ დღეს გადავალთ მეორე ეტაპზე და როდესაც თვითდასაქმებულების პროგრამას ვხურავთ, მივიღეთ გადაწყვეტილება - ყველა იმ დარჩენილ 80 000 მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტის შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს ყველა ვარიანტში ეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი, ერთჯერადი დახმარების სახით. ამით თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამა დასრულდება. ყველა სხვა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენო მოქალაქეების სოციალურ დახმარებას, ეს იქნება სამსახურის დაკარგვის, შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახის, ეს ყველაფერი გაგრძელდება და გრძელდება შესაბამისი ვადებით, როგორც შედეგი, ჩვენ მეორე ეტაპს ვხურავთ იმით, რომ ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას, ეს გახლავთ 250 000 ადამიანი, ყველანაირი შეფერხების გარეშე, სექტემბრამდე ეს თანხა დაერიცხება," - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათთვის სოციალური მხარდაჭერის გასაწევად მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შემდგომ, მე-3 ეტაპზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება, ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დააკომპენსიროს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის 4 თვის განმავლობაში - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი.
როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, პრინციპი იქნება იგივე და 200 კვ საათამდე ელექტროენერგია და 200 მ3-მდე გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. გიორგი გახარიას თქმით, შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, პროგრამულად, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი.
„მე-3 ეტაპი გახლავთ უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ყველა ვხედავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი იქნება გრძელვადიანი. ჩვენ არ ვსაუბრობთ კრიზისზე წლის ბოლომდე, ჩვენ გვესმის, რომ შემდეგი ორი წელიც საკმაოდ რთული იქნება გლობალურად ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა, საქართველო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა რეგიონში და გლობალური ეკონომიკის ნაწილი, ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ ამ კრიზისის ზეგავლენა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ ასევე განაცხადა, რომ 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას.
„ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი, ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში ბავშვებს 17 წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით. ეს იქნება კრიზისში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვებისთვის და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე და სასწავლო წლის პროცესში. საქართველოს ყველა მოქალაქე, ყველა ბავშვი 17 წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერის და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყების პროცესში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 000 ქულამდე, სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებს.
„ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 000 ქულამდე, სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებს. ამასთან ერთად 150 000 სოციალურ ქულამდე ყველა სტუდენტი, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს 2020-2021 წლის სწავლის საფასურს 2250 ლარს. საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით ისარგებლებს საქართველოში 33 000-ზე მეტი სტუდენტი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ კრიზისის ზეგავლენის გამო ახალგაზრდების განათლების პროცესი რაიმე რისკის ქვეშ არ აღმოჩნდეს.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავრობის მიერ განსახორციელებელი სოციალური მხარდაჭერის მესამე ეტაპის ძირითადი მიზნობრივი ჯგუფები გახლავთ ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მათი განათლების პროცესი კრიზისის ზეგავლენის გამო რაიმე რისკის ან ხარვეზის ქვეშ არ აღმოჩნდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს, რომლებსაც ეკონომიკური კრიზისის გამო შემოსავალი შეუმცირდათ, მათ შეძლონ შვილების ღირსეულად აღზრდა და ღირსეული განათლების მიცემა",- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ძირითადი პრინციპი ქვეყნის შეზღუდული ეკონომიკური რესურსების გონივრული და სამართლიანი გადანაწილება იქნება.
„გარდა ამისა, მე მინდა გითხრათ, როგორც ნათელია და ყველა საერთაშორისო კვლევებით ჩანს, ეკონომიკური კრიზისი იქნება საკმაოდ გრძელვადიანი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებზე და ვიქნებით მათ გვერდით. ძირითადი პრინციპი იქნება ქვეყნის შეზღუდული ეკონომიკური რესურსების შესაძლებლობების გონივრული და სამართლიანი გადანაწილება, როგორც აქამდე ვაკეთებდით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ასევე, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს გერმანიაში სწავლისა და მუშაობის ნებართვის მქონე სტუდენტებისთვის 11 აგვისტოს კიდევ ერთი შეღავათიანი ავიარეისის ორგანიზება დაავალა. მისივე თქმით, ბილეთის ფასი 199 ევროზე მეტი არ იქნება.
„უახლოეს პერიოდში სასწავლო წელი იწყება და სასწავლო წლის დასაწყებად ემზადება როგორც საქართველო, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნები. მოგეხსენებათ, ბევრი ქართველი სტუდენტი განათლებას იღებს ან შრომობს ევროპაში, განათლების მიღებასთან ერთად. მათ შეექმნათ გადაადგილების პრობლემა. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მოგვმართა სტუდენტების ასეთმა ჯგუფმა, რომლებსაც ჰქონდათ გერმანიაში მუშაობის ნებართვა და მათ უბრალოდ ვერ შეძლეს გერმანიამდე ჩასვლა. მაშინ მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერული რეისი, ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული ჯგუფისთვის და ბერლინში რეისი განვახორციელეთ. დაგროვდა სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი ასევე გერმანიის მიმართულებით. მინდა დავავალო საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს და ახალგაზრდობის სააგენტოს, სასწრაფოდ მოვახდინოთ ამ ჯგუფების ორგანიზება და 11 აგვისტოსთვის განვახორციელოთ კიდევ ერთი რეისი. ასევე რამდენიმე თხოვნა იყო უნგრეთში განათლების მიღების პროცესში მყოფი ჩვენი ახალგაზრდების მხრიდან, ასევე დავაიდენტიფიციროთ რა რაოდენობაა ეს და თუ საჭირო იქნება, მათაც დავეხმაროთ შეღავათიანი ჩარტერული რეისით, რომელზე ბილეთის ფასიც არ უნდა იყოს 199 ევროზე მეტი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მეთაურმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი წარადგინა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციაა, რაც გადის შერიგებაზე, შრომაზე და საქართველოს კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიული ხარისხის ქვეყნების რანგში გადანაცვლებაზე.
„მე მინდა, პირველ რიგში, მას მივულოცო ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა. ის ყოველთვის იყო ჩვენი გუნდის წევრი, მაგრამ უკვე იჯდება ამ მრგვალ მაგიდასთან. მოგეხსენებათ, რომ თეა ახვლედიანი აქამდე შრომობდა ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოსტზე, მანამდე კი, მას აქვს დიდი და სერიოზული გამოცდილება ჩვენი დიპლომატიური გუნდის წარმომადგენლობაში, როგორც ევროპის, ასევე კონფლიქტების მიმართულებით. ამიტომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის დეოკუპაცია გადის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან შერიგებაზე. ამიტომ, ამ სამინისტროს ფუნქცია და თქვენი, პირველ რიგში, მოვალეობა და ყველაზე დიდი მისია გახლავთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების პროცესის წარმატებით წარმართვა და დასრულება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე ისაუბრა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიციისთვის, რომ საქართველო არის ოკუპირებული.
„მინდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს - აშშ-ს, ბელგიას, ესტონეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას და ნორვეგიას მადლობა გადავუხადო გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიციისთვის, რომ საქართველო არის ოკუპირებული და ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყნის ოკუპაცია იყოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივად აქტუალური საკითხი, ვიდრე არ მოხდება ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია.
„გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით იქნა განხილული საკითხი - მდგომარეობა საქართველოში, რომელიც ეხებოდა 12 წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპაციას რუსეთის მიერ და მკაფიო მხარდაჭერა იქნა დაფიქსირებული კიდევ ერთხელ, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის დეოკუპაციის აუცილებლობის. მე მინდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს - აშშ-ს, ბელგიას, ესტონეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას და ნორვეგიას მადლობა გადავუხადო გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიციისთვის, რომ საქართველო არის ოკუპირებული და ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყნის ოკუპაცია იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივად აქტუალური საკითხი, ვიდრე არ მოხდება საბოლოო ჯამში, ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური