მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
პროექტის "ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბუნების დაცვა" ფარგლებში ფოთსა და ზუგდიდში დასუფთავების აქცია და სპორტული ღონისძიებები გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მონაწილეობით სპორტული ღონისძიებები და დასუფთავების აქცია მოეწყო.

ღონისძიებები იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მონაწილეობით გაიმართა და მასში სხვადასხვა კომპაქტური ჩასახლებებიდან აფხაზეთიდან დევნილი 10-14 წლის ასაკის ბავშვი მონაწილეობდა.

ორივე მუნიციპალიტეტში სამი დღის განმავლობაში საფეხბურთო ტურნირები ჩატარდა, სადაც 12 გუნდი ასპარეზობდა. მატჩების დასრულების შემდეგ გამარჯვებული გუნდები თასებით, მედლებით, სიგელებით და სპორტული ინვენტარით დაჯილდოვდა, ხოლო ტურნირის ყველა მონაწილეს საჩუქრად სპორტული ფორმები  გადაეცა.

ღონისძიებებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებები იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის პროგრამის "ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბუნების დაცვა" ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მათი ფუზიკური უნარ-ჩვევების განვითარება და გარემოს დაცვით აქტივობებში მონაწილეობით, ბუნების მიმართ პასუხისმგებლობის გაცნობიერების ხელშეწყობა.