მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 27 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ  რუსლან აბაშიძემ, საქართველოს მთავრობის წევრებმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ პატივი მიაგეს აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში  -  სოხუმის დაცემიდან  27 წელი გავიდა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ  აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის ყველა მსხვერპლს,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  დაღუპულ გმირებს. მიმდინარე ოკუპაციის,  არსებული  სირთულეების და გამოწვევების მიუხედავად,  ჩვენს უმთავრესს პრიორიტეტს კონსენსუსზე დამყარებული სამშვიდობო პოლიტიკა წარმოადგენს,    ვინაიდან  მშვიდობიანი გზებით უთანხმოების მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ აფხაზეთის დაშორიშორებული საზოგადოების გაერთიანებისთვის, რათა ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება ერთიან, ძლიერ საქართველოში,” -  განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მემორიალთან ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა  საქართველოს ეროვნული გმირების, ჟიული შარტავას, მამია ალასანიასა და გურამ გაბესკირიას საფლავები მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს, ასევე, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.