მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს გასართობმა პარკმა „ბომბორამ“ უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები დღეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გასართობ პარკ „ბომბორას" ეწვივნენ.

საქველმოქმედო აქცია თბილისის კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები მრავალშვილიან ოჯახებიდან დევნილი ბავშვებისთვის ჩატარდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო. მან მოზარდებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მშობლებს არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. როგორც შეხვედრისას გაირკვა, აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი ოჯახები ნაკლებად არიან ჩართულნი სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში. ვახტანგ  ყოლბაია მათ არსებული პრობლემების განხილვასა და საკითხების მოგვარების გზების ძიებას დაპირდა.

პროექტი, მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი ღონისძიებები მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციის მხარდაჭერით მომავალშიც იგეგმება.