აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურში იმყოფებოდა, სადაც დევნილ მეწარმეებს შეხვდა და დაფნის პირველადი გადამუშავების საამქრო დაათვალიერა. საწარმო მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნა და მასში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან დასაქმებული.
დაფნის გადამამუშავებელი საწარმო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტომ“ კოოპერატივ „ლავრ-ჯორჯია“-სთან ერთად სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მოაწყო. სააგენტო ასევე დაფნის სანერგის მოწყობის მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს. სანერგე აღიჭურვა თანამედროვე სარწყავი სისტემით და ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაფნის ნერგების გამოყვანის პირველი ეტაპი. მომავალი წლიდან სანერგე დაინტერესებული დევნილი ფერმერებისთვის 80 000-მდე დაფნის ნერგის მიწოდებას შეძლებს.
დღესვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში სსიპ „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს“ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი სიმინდის მოსავლის აღება მოხდა, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას გადაეცემა. სიმინდის მოყვანის პროგრამა რამდენიმე წელია მიმდინარეობს და მასში აფხაზეთიდან დევნილი 30-მდე ოჯახი არის ჩართული.
დღეს რუსლან აბაშიძე სოფელ რიყეში მურმან ჯალაღონიას ოჯახში იმყოფებოდა და მიღებული სიმინდის მოსავალი პირადად გადასცა. მომდევნო დღეების განმავლობაში დახმარებას კიდევ რამდენიმე ოჯახი მიიღებს.
რიყეში ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვალერი ბასარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.