აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მოსახლეობის COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია ჩატარდა.
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი (გეგა) შენგელია და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.
ფართომასშტაბიანი და ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ზუგდიდისა და ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკების სამედიცინო ჯგუფებმა გაუკეთეს. აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში დაწესებული სავალდებულო იზოლაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და COVID-19-ის მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციები გააცნეს. ტესტირების შედეგად გამოვლენილ, კორონავირუსით ინფიცირებულ აფხაზეთიდან დევნილებს, პირბადეები და საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.
COVID-19-ის საპრევენციო ღონისძიებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების სხვადასხვა ლოკაციაზე გუშინ დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება.