კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, კოპიტნარის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია ჩაუტარდათ.
COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, კოპიტნარის დევნილთა ჩასახლებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
აფხაზეთიდან დევნილებს ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ქუთაისის დევნილთა საოჯახო ცენტრ „ბიჭვინთა“-ს ექიმებმა გაუკეთეს. მედიკოსებმა დევნილ მოსახლეობას COVID-19-ის მართვის შესახებ რეკომენდაციები გააცნეს და პროგრამის ფარგლებში დევნილ მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები, პირბადეები და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.
სამედიცინო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.