მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძემ და ეკა ხოფერიამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელს შეხვდნენ.

მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა და მონაწილეებმა მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერის და „ტელესკოლის“ პროგრამების გამდიდრების საკითხებს.

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებიც  შეძლებენ მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი დონის განათლება.

შეხვედრაზე ასევე, დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის გზებზე იმსჯელეს. ამ მიმართულებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში დაიწყო პროფესიული სწავლებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც სწორედ ამ მიზანს მოემსახურება.