რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს საგამოფენო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ფერწერული ნამუშევრების „ფერწერა აფხაზეთიდან“ გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე 30-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი და თბილისის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
გამოფენის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი, მხატვრული ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია.