აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აკირა იმამურას შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
რუსლან აბაშიძემ იაპონიის ელჩს აფხაზეთის მთავრობის და მისი სტრუქტურების საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო. მთავრობის თავმჯდომარემ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.
ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
რუსლან აბაშიძემ იაპონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და იმ თანადგომისთვის, რომელსაც იაპონია საქართველოს მიმართ გამოხატავს.
შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრას იაპონიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობის განყოფილების მდივანი თეონა მაჭარაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.