მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძე დიღმის ძმათა სასაფლაოზე აფხაზეთიდან გადმოსვენებული სამხედრო პირების დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირების დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, იუსტიციისა და სამოქალქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ საშუალება გვეძლევა, პატივი მივაგოთ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების ერთიანობის იდეას. მათი ხსოვნა მარადიულია. დღევანდელ სევდასა და ტკივილს თან ახლავს ერთგვარი შვებაც, რადგან დღეიდან, თითოეულ ჩვენგანს, პირველ რიგში კი ოჯახის წევრებს მიეცემათ შესაძლებლობა პატივი მიაგონ ახლობელთა საფლავებს.

უგზოუკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა მოძიება, იდენტიფიცირება და გადმოსვენება არის უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული პროცესი. მე მინდა მადლობა გადავუხადო წითელ ჯვარს, მხარდაჭერისათვის და უდიდესი შრომისთვის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ყველას ვისაც წვლილი შეაქვს, აფხაზურ მხარეს, რომელიც ქართულ მხარესთან ერთად აქტიურად მუშაობს. ეს არის ჩვენი საზოგადოების თანამშრომლობის ძალიან პოზიტიური მაგალითი და, მჯერა, ამ შედეგიანი ურთიერთობების გამოცდილებას მომავალშიც არაერთგზის გამოვიყენებთ. მშვიდობით და შერიგებით გავაგრძელებთ იმ მიზნისთვის ძალისხმევას, რასაც თავი შესწირეს ჩვენმა სახელოვანმა გმირებმა“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (6 სამხედრო, 7 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადმოსვენებული 4 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.