აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებს პერსონალური დაცვის საშუალებები და სამედიცინო აღჭურვილობა ჩაუტანა.
სამედიცინო აღჭურვილობა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ხელშეწყობა ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებისთვის კოვიდ-19 პანდემიის დროს“ ფარგლებში, სენაკის, ხობის, ზუგდიდის და ჯვარის დევნილთა ამბულატორიებს გადაეცა.
პროექტის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე იმყოფებოდნენ.