მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძე რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რეზვან როტუნდუს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუმინელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუმინეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურების საქმიანობა გააცნო და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე.

რუსლან აბაშიძემ რუმინელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.