აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია ვიზიტით ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელსაც დიპლომატიური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიღებაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი დევნილი მეწარმეების პროდუქცია.

შეხვედრა გაიმართა ეგვიპტეში მცხოვრებ აბაზთა (ეგვიპტეში მცხოვრები აფხაზთა დიასპორა) საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციამ ასევე შეხვედრა გამართა ადგილობრივ ბიზნესმენებთან. შეხვედრაზე ბიზნესისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარების და ორმხრივი პროექტების შემუშავების საკითხები განიხილეს.

ალექსანდრიის ბიბლიოთეკას საჩუქრად აფხაზეთის თემაზე გამოცემული წიგნები გადაეცა, რომლებიც ბიბლიოთეკის საცავში განთავსდა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მკითხველისთვის.

შეხვედრები ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსანდრე ნალბანდოვის ჩართულობითა და საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.