მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
საქართველოს პარლამენტის გაერთიანებულ სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და დევნილობაში მყოფი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და დევნილობაში მყოფი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

გაერთიანებულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ადმინისტრაციის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი თამაზ ბესტაევი, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობის, რეფერალური დახმარების პროგრამის შესრულების და დევნილებისათვის გაწეული სამედიცინო დახმარებების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებიც კვლავ რჩება უწყებების საქმიანობაში.

სხდომის მონაწილეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია „მეტი ჩართულობის“ სახელით ელიკო ბენდელიანმა ჩატარებული კვლევების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.