მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ ენაზე სწავლების პრობლემასა და საგანმანათლებლო სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი უძღვებოდა.

სხდომა დახურულ ფორმატში ჩატარდა და მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ლია გიგაური, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საპარლამენტო კომისიის წევრები და საგანმანათლებლო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.