მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრ მიკისკას შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ ჩეხ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროებში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. მხარეებმა, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრას საქართველოში ჩეხეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.