ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ მორიგი ღონისძიება გაიმართა.
პროექტის ფარგლებში ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ერთდღიანი სემინარი ჩაუტარდათ. სემინარზე ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა და ქართული კულტურა - როგორც საერთო ევროპული ტრადიციისა და ღირებულებების ნაწილი.
პროექტში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა. სტუმრებმა ადამიანის უფლებების დაცვაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობასა და ევროპულ ღირებულებებზე ისაუბრეს.
პროექტის ფარგლებში გაიმართა შემეცნებით-გასართობი ვიქტორინა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რომლის გამარჯვებულებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. დევნილი ახალგაზრდებისთვის მოეწყო ასევე ექსკურსია დადიანების სასახლეში. სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
ღონისძიებაში აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროექტი „ევროპული არდადეგები“ მეორე წელია იმართება და მისი მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.