იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ონლაინ-პანელური დისკუსია თემაზე „საკუთრების უფლება და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე“ გაიმართა.
ვებინარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნეს.
ონლაინ შეხვედრაში საერთაშორისო სამართლის ცნობილი ექსპერტი პროფესორი ვაიოს კოუტრულისი (ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი) და საერთაშორისო სამართლის მკვლევარი მარიამ ბეჟანიშვილი (ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი და საერთაშორისო სამართლის ლაუტერპახტის ცენტრი) მონაწილეობდნენ. მომხსენებლებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთრების და დაბრუნების უფლების ზოგად საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოზე და აფხაზეთში საკუთრების უფლებების მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე. პრეზენტაციის ბოლოს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ვებინარი სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.