აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მიერ დაწესებული ლიტერატურული პრემიის „ერთობის იდეა“ პრეზენტაციას და დაჯილდოებას დაესწრო.
პრეზენტაციაზე ლიტერატურული პრემიის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა, ქართული ლიტერატურული ინიციატივის დირექტორმა მედეა მეტრეველმა და პრემიის ჟიურის წევრებმა ისაუბრეს.
ლიტერატურული პრემია „ერთობის იდეა“ გადაეცა ავტორს 2019-2021 წლებში საქართველოში გამოცემული საუკეთესო ნაწარმოებისთვის, რომელიც ეხება ადამიანებს შორის ხელოვნური საზღვრების არსებობას, ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლას. შერჩეული ნაწარმოებები ეხმაურება ერთიანობისა და ტოლერანტობის იდეებს, ასახავს საზოგადოებრივი და პირადი გამყოფი კედლების ნგრევას.
დაჯილდოება სასტუმრო „რუმსის“ გარდენ ჰოლში გაიმართა. მთავარი პრიზი გადაეცა ლადო ფოჩხუას „ენიკი ბენიკი“. პრემიის გამარჯვებულები, ასევე, გახდნენ ნინო სადღობელაშვილი „დაბადების დღე“ და ივა ფეზუაშვილი „ბუნკერი“. პრემია გერმანიის საელჩოს და ქართული ლიტერატურული ინიციატივის თანამშრომლობის ფარგლებში გაიცა.