აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ ვებინარში „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვა“ მიიღო მონაწილეობა.
ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიური ენის შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო, ასევე, სამართლებრივი საკითხების შესწავლას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რეაგირების არსებული მექანიზმების განხილვისა და დარგის ექსპერტების, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების ჩართულობით ახალი ეფექტური, შედეგის მომტანი გზების ძიების საკითხებს.
ვებინარი აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა და მასში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი თეიმურაზ გვანცელაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ლია გიგაური, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კონსტანტინე გამსახურდია და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე შალვა ტაბატაძე მონაწილეობდნენ.