მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძემ შერიგების პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის მიზნით მოწვეული სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შერიგების პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის მიზნით მოწვეული სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და კომისიის წევრები მონაწილეობდნენ.

სხდომის მონაწილეებმა მიმოიხილეს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარეობის პირველი - შეფასებისა და მონიტორინგის ეტაპი. სხდომის ფარგლებში განხილულ და დამტკიცებულ იქნა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობითა და სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებების გათვალისწინებით მოამზადა. ამასთან, მონაწილეებმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.

სამთავრობო კომისიის წევრები შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის შემდგომ ეტაპებზე შეთანხმდნენ.

სამთავრობო კომისია 2011 წელს, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და მისი სამოქმედო გეგმის შესაბამისად შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.