მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ.

გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გენადი გადელია  დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში კლინიკასთან ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებში, როგორც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფში (მათ შორის, მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები) დაავადებათა ადრეულ გამოვლენას, რაც თავის მხრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შესაძლო გართულებათა მინიმიზაციის და თავიდან აცილების საწინდარს წარმოადგენს.

დევნილ ბავშვებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო და მისი მიზანია ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, ქრონიკულ პაციენტთა გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების დასახვა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოკვლევაზე მისულმა ბავშვებმა სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს.