აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, იტალიის რესპუბლიკაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის გიორგი აფხაზის ახლადაღმოჩენილი საფლავი მოინახულა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
გიორგი აფხაზის საფლავის განახლება იტალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით და ინიციატივით განხორციელდა. საფლავი ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ და 2018-2019 წლის პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ და საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ გამარჯვებულმა ნენო გაბელიამ მოიძიეს.
ახლადაღმოჩენილი საფლავი რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა მამა იოანემ, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და დიასპორის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
ასევე, 26 ნოემბერს, რომში გიორგი აფხაზის ფერწერული ნამუშევრების, გრაფიკისა და სასცენო ილუსტრაციების გამოფენა გაიმართა.
ღონისძიება, რომელიც იტალიაში მცხოვრები ქართველი მკვლევარის, ნენო გაბელიას მიერ იყო ორგანიზებული, მუსიკალურად გააფორმა პოლიფონიურმა გუნდმა „Coro Polifonico Musica Creator” ლაურა გოგიაშვილის დირიჟორობით.