მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძე აფხაზეთის მოზაიკის იმერსიული პროექციის ჩვენებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მუზეუმ „ჰოლოზეუმში“, 3D ფორმატში, „აფხაზეთის მოზაიკის იმერსიული პროექციის ჩვენება“ გაიმართა.

ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის ზურაბ წერეთლის (ბიჭვინთის დასასვენებელი სახლის ეზო - „თევზები“, „ნატვრის ხე“, „მზე“, „ფრინველები“), მხატვრების - ზაზა ციციშვილის, გიორგი ჩახავას, ნოდარ მალაზონიასა და ზურაბ კაპანაძის (ავტობუსის გაჩერებები ახალ ათონში, ალახაძიში, გაგრასა და ბზიფის გზატკეცილზე, შენობების ფასადები, „მზის საათი ძველი გაგრის სანაპიროზე“) მოზაიკური კომპოზიციები და პანოები აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია აფხაზეთში არსებული ანტიკური ეპოქისა და საბჭოთა პერიოდის მონუმენტური ხელოვნების ნიმუშების (მოზაიკური კომპოზიციებითა და პანოებით) დაცვა, შენახვა და პოპულარიზაცია.