„გარდენ ჰოლში“ წიგნის „აფხაზეთის სპორტული ქრონიკები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა და მასში თავმოყრილია 250-მდე ქართველი, აფხაზი, ბერძენი, რუსი, უკრაინელი და სომეხი სპორტსმენის ბიოგრაფია, რომელთაც სპორტის განვითარებაში ფასაუდებელი წვლილი მიუძღვით.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენების და დამსახურებული მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა. სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარე წლის საუკეთესო სპორტსმენებად რუსლან დარსანია, მამუკა ბიძინაშვილი, სანდრო ლოლაძე, გიორგი ჯანაშია, ნიკოლოზ პერტაია, ნათია გადელია, მარიამ მურღვლიანი, გურამ ვეკუა, გოგიტა არქანია, ირმა ხეცურიანი, ირინა ხაბურძანია და საბა ადამია დასახელდნენ.
სპორტსმენებს საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა, განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ გადასცეს. ღონისძიებას ცნობილი სპორტსმენები და აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება. ნომინანტების შერჩევა სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიერ წარდგენილი კანდიდატების საფუძველზე, საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ ხორციელდება.