მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძე, ზურაბ აზარაშვილი და თეა ახვლედიანი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სამუშაო ვიზიტით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუხში ენგურის ხიდსა და რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდნენ.

ვიზიტი, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის გადახედვის ფარგლებში, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების - კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ხარისხიან ჯანდაცვაზე წვდომის შემდგომი განვითარებისა და გაუმჯობესების კუთხით, ადგილზე არსებული მდგომარეობის გაცნობას და სამომავლო ხედვებზე ერთობლივ მსჯელობას ისახავდა მიზნად.

მთავრობის წარმომადგენლებმა მოინახულეს რუხის მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები კოვიდ-პაციენტებისა და ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული პირების მკურნალობას ემსახურება.

შეხვედრა გაიმართა კლინიკის მედპერსონალთან, სადაც სამედიცინო დაწესებულების შემდგომი ფუნქციონირების დახვეწისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის შესაბამისი მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით, სამედიცინო მიმართულებით სამომავლო განვითარების გზები განიხილეს.

რუსლან აბაშიძე, თეა ახვლედიანი და ზურაბ აზარაშვილი ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან მივიდნენ, სადაც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების მიერ მათთვის საჭირო სერვისების მიწოდების პროცესს. შეხვედრებში, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე მონაწილეობდა.