სამთავისისა და გორის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას ინიციატივით გორის სასულიერო სასწავლებლის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის დავით ბაძაღუას ფერწერული ნამუშევრების - „საქართვლოს კულტურული მემკვიდრეობა - აფხაზეთი" პერსონალური გამოფენა მოეწყო.
გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, პოეტი გენო კალანდია, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ.
პროექტის „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა-აფხაზეთი"-ს ფარგლებში, მხატვარმა შექმნა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის 22-მდე ძეგლის - ბედიის, ილორის, მოქვის, ლიხნის, ანაკოფიის, გაგრის, დრანდის, ჭუბურხინჯის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების სერია. გამოფენაზე 45-მდე ნახატი იყო წარმოდგენილი. პარალელურად, გორის ახალგაზრდული ანსამბლის მონაწილეობით აფხზური ცეკვა და ქართულ-აფხაზური სიმღერები შესრულდა.
ივნის-ივლისში მხატვრის ნამუშევრების გამოფენა ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება.
დავით ბაძაღუას შემოქმედება ევროპამ აღიარა. მისი ნამუშევრები ინახება ამერიკის, გერმანიის, ჰოლანდიის, ავსტრიის, თურქეთის და ევროპის სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.