აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი „მთვარის მოტაცება“ წარმოადგინა. სპექტაკლი რეჟისორ გოჩა კაპანაძის მიერ კონსტანტინე გამსახურდიას ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით დაიდგა და მასში ცნობილი ქართველი მსახიობები მონაწილეობდნენ.
სპექტაკლის ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.