საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.
სხდომაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინა მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა, რომელიც მოიცავს მოსახლეობის აღწერის ძირითად პრინციპებს,მეთოდოლოგიურ და საორგანიზაციო საკითხებს.
პროგრამის შესაბამისად, მოსახლეობის მომდევნო აღწერის თარიღად საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ 2024 წლის ბოლო განსაზღვრა. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და საცხოვრისების შესახებ.
სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის აღწერასთან ერთად ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც, რის შედეგადაც, სოციალურ და დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ.
მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ქვეყანაში ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა.