აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩთან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში, ახალაშენებული სკოლის შენობა დაათვალიერა. სკოლაში 500 ბავშვი იღებს განათლებას, სადაც 70% ეთნიკურად აფხაზია. 2015 წლიდან აღნიშნულ სკოლაში აფხაზური ენა არჩევით საგნად ისწავლება.
ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის წარმომადგენლები აფხაზ მოსწავლეებს და სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ. მოსწავლეებმა სტუმრებისთვის აფხაზურ ენაზე „ვეფხისტყაოსნიდან“ ფრაგმენტები წაიკითხეს. დღესვე, ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით აფხაზურ თემატიკაზე სპექტაკლი - „ჩემი თვალით დანახული საქართველო“ გაიმართა.