აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ვულოცავთ ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას 4 ივლისს-დამოუკიდებლობის დღეს.
საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობისა და ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ურყევ ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული. ეს ურთიერთობები სახელმწიფოთა შორის ურთიერთთანამშრომლობის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენენ.
ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ და ვაფასებთ აშშ-ის უპრეცედენტო მხარდაჭერასა და უმნიშვნელოვანეს წვლილს, რომელიც მას მიუძღვის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე.
ჩვენ ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარების კუთხით. აქვე, გვსურს მადლობა მოგახსენოთ, ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის შერიგების პროცესში აშშ-ის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის მიერ შეტანილი პოზიტიური წვლილისათვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს და ვუსურვებთ ამერიკელ ხალხს მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას.