აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევები(ოქტომბერი-დეკემბერი,2018 წ.)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის

პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო

 

ოკუპირებული  აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების  დარღვევები(ოქტომბერი-დეკემბერი,2018 წ.)

 

10 იანვარი, 2019

 

შინაარსი

  1. თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, ადამიანთა დაკავებები
  1. პასპორტიზაცია
  2.  განათლება
  1. უძრავი ქონება

 

  1. თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, ადამიანთა დაკავებები

2018 წლის სამი თვის (ოქტომბერი-დეკემბერი) განმავლობაში ენგურის  გამყოფ ხაზზე  ადამიანის დაკავების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. აფხაზური გამოცემის „აფსნი ლაიფის“ ინფორმაციით,გალის რაიონის სოფელ სიდის მცხოვრები ე.წ. „აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე“ დააკავეს. მას ბრალად ედებასიგარეტის უკანონოდ გადმოტანის მცდელობა. ინტერნეტ გამოცემის მონაცემებით „აფხაზეთის მოქალაქე“ „საზღვრისკენ“ პროდუქციის შემდგომი რეალიზაციის მიზნით გამოემართა. ის ოკუპირებულ ნაბაკევში დააკავეს.(12.10.18)

ამავე პერიოდში აფხაზურმა მხარემ ორთვიანი პატიმრობის შემდეგ გაანთავისუფლა  მ.წ. 5 აგვისტოს „ საზღვრის“ უკანონო ბრალდებით დაკავებული ზ.გ.

ზ.გ.-ს სახლი  ქ. სოხუმში ომის დროს დაიწვა. ის და მისი ოჯახის წევრები სოხუმის დაცემის  შემდეგ სამშვიდობოსკენ საკენ-ჭუბერის გზით გაემართნენ და   მას   შემდეგ სოფელ ჭუბერში ცხოვრობენ. მათი ნათესავები დღესაც აფხაზეთის სოფელ აჟარაში იმყოფებიან, ზ.გ. სწორედ მათთან ჩადიოდა, პერიოდულად. (04.10.18)

გალის რაიონის  ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი  თემურ ნადარაიაგამყოფი ხაზის“უკანონოდ „გადაკვეთის“ შემთხვევების კლებას ე.წ. ადმინისტრაციის „მუშაობის გააქტიურებას“ მიაწერს.

            „ჩვენ გავცემთ ფორმა-9-ს და ვადას ვუგრძელებთ ვადაგასულ დოკუმენტებს. ამის გამო ადამიანებს  უბრალოდ გაუქრათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის სურვილი.“-ამბობს ნადარაია.

            თუმცა ნადარაიასგან განსხვავებით ამ საკითხზე სულ სხვა   მოსაზრება აქვთ ქართული მხარის წარმომადგენლებს, რომლებიც თვლიან, რომ   საზღვრის „უკანონოდ გადამკვეთთა რაოდენობის კლება გამოწვეულია არა იმით, რომ მათ მეორე მხარეზე მოხვედრის  სურვილი გაუქრათ, არამედ იმ მიზეზით, რომ ადამიანებს ეშინიათ აფხაზური მხარის მიერ დადგენილი „დოკუმენტების“ გარეშე ე.წ. საზღვრის გადაკვეთა ან მდინარის ფონების საშუალებით გადასვლა, რადგანაც, დაკავების შემთხვევაში მათ დროებითი დაკავების  იზოლატორში გადაყვანა, ჯარიმის გადახდა, ან  სულაც პატიმრობა  ემუქრებათ.

 

  1. პასპორტიზაცია

მ.წ. ნოემბრის დასასწყისში აფხაზურმა მხარემ, ე.წ. “ვიდ ნა ჟიტელსტვოს” (ბინადრობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა) გაცემა დროებით შეაჩერა. როგორც სააგენტო DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს, ამის მიზეზად ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლები „საბეჭდი მანქანის საღებავის ამოწურვას“ ასახელებენ.

ადგილობრივების თქმით, საღებავის არქონის მომიზეზება, ისევე როგორც მანამდე არსებული სხვა მეთოდები, სეპარატისტული სტრუქტურების მხრიდან ადამიანებისთვის ფულის გამოძალვის კიდევ ერთი ხრიკია და სხვა არაფერი.

“როგორ შეიძლება “სახელმწიფოებრიობის“ ამბიცია გქონდეს და მსგავსი მიზეზით საბუთი არ გასცე. მორიგი ხრიკი მოიგონეს ფულის გამოძალვისთვის, ხალხი კი, რა თქმა უნდა, იძულებულია ყველაფერს დათანხმდეს,” – ამბობს 30 წლის გ.ს.

 აღსანიშნავია, რომ ბონადრობის უფლების აღება ეთნიკურად ქართველებს 500 ლარამდე უჯდებათ.  აფხაზურმა მხარემ უკვე გააუქმა ე.წ.  წითელი პასპორტები,ახალი წლის შემდეგ კი ქართველებზე გაცემული მწვანე (აფხაზური) პასპორტების გაუქმებასაც  ელოდებიან. რაც შეხება ფორმა-9-ს მისი აღება 2000 რუსული რუბლი  ჯდება (დაახლოებით   83 ლარი).

 ამავე პერიოდში აფხაზურმა მხარემ გამოაქვეყნა 2016 წლიდან დღემდე ე.წ. აფხაზეთის მოქალაქის პასპორტისა და ბინადრობის უფლების გაცემის  სტატისტიკა, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ორი წლის განმავლობაში გალის რაიონში 260  აფხაზური პასპორტი და 4528 „ბინადრობის უფლება“ გაიცა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფხაზეთში დაახლოებით 140 ათას ადამიანს აქვს აღებული „აფხაზური პასპორტი“.

გალის რაიონის მცხოვრებთა დოკუმენტაციის პროცესსა და მისი გაჭიანურების მიზეზებზე galtv-ის ეთერში ისაუბრა ე.წ.  საპასპორტო განყოფილების გამგემ თემურ მინაიამ.

 „გალის რაიონში მცხოვრებთადოკუმენტაცია სტაბილურად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. საანგარიშო პერიოდში- 2016 წლის მაისის თვიდან დღემდე აფხაზეთის  მოქალაქის პასპორტზე შემოვიდა 1270 განაცხადი, მათგან გაცემულია 269 დოკუმენტი. პასპორტის გაცემაზე უარი ეთქვა  586 ადამიანს, „ბინადრობის უფლებაზე“ შემოვიდა 10 332 განაცხადი, აქედან გაცემულია 4 528 „ბინადრობის უფლების“ ბლანკი, გასაცემად გამზადებულია 190 ბლანკი. 700 ბლანკი მუშავდება.“-აღნიშნა მინაიამ.

მისი  თქმით, „ბინადრობის უფლების“ ბლანკი 940 რუბლი ღირს, აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის ბლანკი კი 420 რუბლი. მან ასევე განმარტა დოკუმენტების გაცემაში არსებული შეფერხებების მიზეზი და აღნიშნა, რომ ეს უკავშირდება სამუშაოს დიდ მოცულობას და სპეცსამსახურების მიერ  განაცხადებისა და  თანდართული მასალების შემოწმებას. Galtv, 10.11.18

გასული წლის ნოემბრის დასაწყისში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინფორმაცია გავრცელდა, რომ პირველი ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით  პენსიონერთა რეგისტრაცია ჩატარდება. როგორც სააგენტო DFWatch-ს ადგილობრივებმა აცნობეს, რეგისტრაციის გავლა მხოლოდ იმ კატეგორიას შეეძლება, ვისაც აფხაზური პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა აქვს აღებული.

მათივე ცნობით, პენსიონერების უმეტესობას წითელი პასპორტი ჰქონდა (რაც ამჟამად უმოქმედოა), შესაბამისად, მათ ზემოთხსენებული ორი საბუთი არ გააჩნიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აფხაზურ პენსიას ვერ აიღებენ.

„ე.წ. წითელი პასპორტები რამდენიმე თვეა გაუქმდა, შესაბამისად, ვისაც მხოლოდ ეს საბუთი გვქონდა, ახლა გადაადგილებასაც ვერ ვახერხებთ. აქ ვართ გამოკეტილი და ექიმი რომ დაგვჭირდეს, „საზღვარზე“ არავინ გაგვატარებს. ე.წ. ვიდ ნა ჟიტელსტვას აღებას იმდენი საბუთი უნდა, ჩვენი თაობის ხალხმა ძნელად თუ მოაგროვოს ყველა მათგანი. ახლა პენსიონერთა რეგისტრაცია იწყება და ვისაც წითელი პასპორტები გვქონდა, პენსიას მოგვიხსნიან,“ – უთხრა DFWatch-ს გალის რაიონის სოფელ თაგილონის მკვიდრმა, პენსიონერმა  ნ.ტ.-მ.

როგორც ცნობილია, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, საწყისი პენსია თვეში 150 რუბლია, რაც დაახლოებით 6,5 ლარს შეადგენს. შრომის წიგნაკის არსებობის შემთხვევაში პენსია 500  რუბლამდე იზრდება, რაც თვეში 22 ლარია.

შედარებით მაღალია პენსია აქვთ იმ პირებს, ვინც მხოლოდ აფხაზურ პენსიას იღებს. რაც შეეხება რუსული პასპორტის მქონეებს, ისინი გაცილებით პრივილეგირებულ ფენას მიეკუთვნებიან და მათი პენსია თვეში 5000  რუბლს (205 ლარი) შეადგენს, თუმცა მსგავსი საბუთიგალის რაიონში სულ რამდენიმე ადამიანს გააჩნია.  (DFWatch, 31.10.18).

 

  1. განათლება

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთა ინფორმაციით, ახალი  სასწავლო წლიდანსოხუმის რეჟიმმა გალის ქართულ სკოლებზე კონტროლი გაამკაცრა, ამის შესახებ  ადგილობრივი მასწავლებლები საუბრობენ. მათი თქმით, აფხაზური  რეჟიმის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ გალის რაიონის სკოლების ნაწილში ქართულად  სწავლება ფარულად  მიმდინარეობს. 

„რამდენიმე დღის წინ ღია კარის დღე გვქონდა. შემოწმებაზე 50-მდე სტუმარი მოვიდა. გაკვეთილებს დაესწრენ. კლასში, სადაც სულ 6 მოსწავლეა, 12 დამსწრე იმყოფებოდა. მსგავსი ღია კარის დღეები ყოველ წელს ტარდებოდა, თუმცა ამხელა დელეგაციით არასდროს მოსულან. გარდა ამისა, უკვე სისტემატიური სახე მიიღო სკოლებში მოულოდნელმა ვიზიტებმა. ნებისმიერ დროს შეიძლება გალის ადმინისტრაციიდან მოსულმა კონტროლიორმა შემოაღოს კარი“, – ამბობს გალის სკოლის მასწავლებელი.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მსგავსი სახის ვიზიტები  ქართულად სწავლების სრულ ამოძირკვას ემსახურება.

პედაგოგების თქმით, მასწავლებლებს ხშირად უტარდებათ ატესტაციები. მოწმდება მათი მხრიდან რუსული  ენის ფლობის  დონე. ამ მიზნით ნოემბრის შუა რიცხვებში გამოცდები ჩაუტარდათ რუსული  ენის  მასწავლებლებს,

„საგამოცდო მასალა კრასნოდარიდან იყო გამოგზავნილი. 30 საკითხი შედიოდა. 50-მდე მასწავლებელი აბარებდა, აქედან 8 ჩაიჭრა. მათი ვინაობა არ დაასახელეს, თუმცა მოუწოდეს, რომ საკუთარი ნებით დატოვონ დაკავებული ადგილები, ისინი კი მათ შემცვლელებს გამოგზავნიან. სავარაუდოდ, მაისში განმეორებითი გამოცდა ჩატარდება“, – აღნიშნა ადგილობრივმა  მასწავლებელმა.

ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მასწავლებლები გადამზადების კურსს უკვე რამდენიმე წელია გალის კოლეჯში გადიან, შესაბამისი კურსის დასრულების შემდეგ კი გამოცდებს აბარებენ.

ამჟამად გალის რაიონი ერთადერთი რაიონია ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ქართული მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს. ამიტომ საოკუპაციო ძალის განსაკუთრებბული ყურადღების ცენტრშია ამ რაიონის დაჩქარებული რუსიფიკაცია. რუსულად გადაკეთებულ  ქართულ სკოლებთან ერთად ამის მკაფიო მაგალითია გალში გამოკრული რუსული ბანერები და რეკლამები, სკოლიდან მომავალი ბავშვების რუსულად ლაპარაკი, სკოლებსა და  კულტურის სახლშიჩატარებული ღონისძიებები, სადაც  რუსული დომინირებს, ქართული კი აკრძალულია.

 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. განათლების სამინისტრო და ადგილობრივი განათლების განყოფილება ყველანაირად ცდილობენ რუსიფიკაციის პროცესის განუხრელად გატარებას.

დეკემბრის დასაწყისში გალის რაიონის სკოლებში რუსული წიგნები შეიტანეს.როგორც DFwatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, წიგნები თავად გალის ე.წ.  ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ  ნაირა ამალიამ დაარიგა.

გალში ამჟამად 30 სკოლა ფუნქციონირებს. აქედან 10 სკოლაში 1-დან მე-7 კლასის ჩათვლით, ქართულად სწავლება რუსულმა სრულად ჩაანაცვლა. მე-7-11 კლასის ჩათვლით კი   ქართული ენა  საგნის სახით ისწავლება.dfwatch, 18.12.18

ამასთან, დღითიდღე მცირდება გალის რაიონის სოფლებში მცხოვრებთა რაოდენობა. ადგილობრივი ახალგაზრდები ცდილობენ სიდუხჭირეს და სიღატაკეს    უცხოეთში წასვლით გაექცნენ. დანარჩენები კი საქართველოს კონტროლირებად  ტერიტორიაზე გადმოდიან და  ცდილობენ შვილები შიმშილისგან იხსნან.

 ეს პროცესები  კი ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე ახალგაზრდებისა და ბავშვების მკვეთრად შემცირებას იწვევს. ამის მკაფიო მაგალითია სოფელ თაგილონის საშუალო სკოლა,  სადაც  დღეისათვის   97  მოსწავლე სწავლობს.  წლევანდელ  სასწავლო წელს სკოლას 17 ბავშვი ამთავრებს. მომავალი წლისთვის კი პირველ კლასში შესასვლელად მხოლოდ 3 ბავშვი ემზადება. რაც აშკარად მიუთითებს სკოლის პესიმისტურ პერსპექტივაზე(30.11.18)

 

  1. უძრავიქონება

რუსული მხარის  გამუდმებული ყურადღების ცენტრშია  ოკუპირებულ ტერიტორიაზე  უძრავი ქონების რუსეთის  მოქალაქეებისთის მიყიდვის შესახებ  კანონის  მიღება.    სწორედ     ამ თემის რუსეთის სასარგებლოდ დარეგულირებას ემსახურება  სოხუმში ყოველი წლის შემოდგომაზე „აფხაზეთ-რუსეთის საქმიანი ფორუმის“ ჩატარება,  რასაც შეძლებისდაგვარად ეწინააღმდეგება აფხაზური მხარე. 

მიმდნარე წლის ოქტომბრის თვეში გამართულ საქმიან ფორუმზე, რომელშიც ადგილობრივებთან ერთად რუსი ეკონომისტები, პოლიტიკოსები, ექსპერტები მონაწილეობდნენ, რუსული მხარე ისევ შეეცადა ეს  საკითხი გაეაქტიურებინა და   სასურველი შედეგისთვის მიეღწია. ისინი აფხაზური ხელისუფლების წარმომადგენლებს არწმუნებდნენ, რომ იმისათვის, რომ აფხაზეთში ინვესტიციები შემოვიდეს, აუცილებელია კანონით  დაშვებულ იქნას უძრავი  ქონების  რუსეთის მოქალაქეებზე გაყიდვა, სხვანაირად არც ერთი ინვესტორი აფხაზეთში ფულს არ ჩადებს.

იმ დროს, როცა  სოხუმში „საქმიანი ფორუმის“ მუშაობის ფარგლებში რუსი მაღალჩინოსნები ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მათთვის ხელსაყრელი კანონის მიღებაზე „ევაჭრებოდნენ“,  აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა ვიცე-პრემიერმა და შს მინისტრმა ასლან  კობახიამ  „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში აღნიშნა:.

            „უძრავი ქონების გაყიდვისა და, ასევე, სხვა პრობლემები, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, საშინაო საკითხებია. მე მინდა განვაცხადო იმ ადამიანების გასაგონად, რომლებიც ცდილობენ გარედან, რაღაც გვირჩიონ ამ საკითხთან დაკავშირებით და, ამასთან,  ძალზე არაკორექტული ფორმით: ეს მათი საქმე არ არის. ეს აფხაზური საზოგადოების საქმეა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრობლემები, და აფხაზური საზოგადოება, ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით განსაზღვრავს- რა და როგორ მოხდეს. დღეისათვის  ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიო პოზიცია  გვაქვს.

            ჩვენთან უძრავი ქონების ბაზარი ძალზე მწირია, პატარაა. მეორეც: ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გარედან თავს მოგვახვიონ  ეს საკითხი, შესანიშნავად აცნობიერებენ, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ უცებ ჭკუიდან გადავალთ და უძრავი ქონების  ბაზარს  გავხსნით...

ჩვენი საზოგადოება ძალიან ღარიბია, როგორც კი  გავხსნით უძრავი ქონების ბაზარს, ჩვენ ამით უბრალოდ გავაძევებთ  ჩვენს მოქალაქეებს ამ ბაზრიდან. ჩვენი  მოქალაქეები კონკურენტუნარიანები არ იქნებიან. ამას ჩვენ უკვე მრავალი წელია ვეუბნებით ჩვენს  „კეთილისმყოფლებს“, რომლებიც რჩევებს გვაძლევენ. ჩვენ  არავის რჩევა არ გვჭირდება.   არავისგან არ გვესწავლება, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. რომელიღაც დეპუტატი ჩამოდის და ნაჩქარევ  რჩევებს გვაძლევს , ისე , რომ  საქმის არსი კარგად არ ესმის, რა უნდა გავაკეთოთ, ეს ჩვენი გადასაწყვეტია...მიწისა და საკუთრების [უცხოელებისთვის მიყიდვის დაშვების] საკითხი არ განიხილება, რადგან 1) ასეა გაწერილი ჩვენს კონსტიტუციაში და 2) ეს ჩვენი შიდა საკითხებია!"-განაცხადა კობახიამ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა რუსეთის გასაგონად  ხაზი გაუსვა: ჩვენ  ვინმეს ბატონობას ვერ ავიტანთ. ჩვენ შეიძლება მოგვკლან, მაგრამ ჩვენზე ბატონობას ვერავინ შეძლებს, ჩინოვნიკები მიდიან და მოდიან, აფხაზეთი კი რჩება.-განაცხადა კობახიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად გალის რაიონში ადგილობრივ მცხოვრებთა შორის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესი შეჩერებულია.

საკუთარი უძრავი ქონების (სახლი, მიწის ნაკვეთი) ოფიციალურად გაყიდვის უფლება არა აქვთ არა მხოლოდ იმ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომელთაც ბინადრობის უფლებით მცხოვრების სტატუსი აქვთ, არამედ ე.წ. აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის მქონეებსაც.

როგორც ცნობილია, აფხაზურმა ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ საბჭოთა პასპორტები გააუქმა, რომლითაც  შესაძლებელი იყო  გამყოფ ხაზზე გადაადგილება, ფორმა -9  კი ჯერჯერობით მოქმედ დოკუმენტად ითვლება.

8 ნოემბერს აფხაზურ პარლამენტში ე.წ. სახელმწიფო ქონების ობიექტების პრივატიზაციის საკითხებზე კამათი გაიმართა.

დეპუტატმა დიმიტრი დბარმა მოითხოვა სახელმწიფო ქონების ობიექტების პრივატიზაციის საკითხის განხილვისას ე.წ. სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზაციის კომიტეტის თავმჯდომარის დასწრება.

მისი თქმით, სახელმწიფო მიწას კაპიკებად ჰყიდიან, თუმცა ყველასათვის ცნობილია, რომ მისი გაყიდვა არ შეიძლება, შეიძლება მხოლოდ იჯარით გაცემა ობიექტების პრივატიზაცია მიმდინარეობს, შემდეგ კი  ხდება მათი  ხელახლა გაყიდვა.“-აღნიშნა დბარმა.

მან,ასევე, უნდობლობა გამოხატა პრივატიზაციას დაქვემდებარებულ ობიექტებში შეთავაზებული ინვესტიციების მოცულობების მიმართ. ის, ასევე, აღაშფოთა  იმ ფაქტმა, რომ დოკუმენტებში არ არის მოცემული საპრივატიზაციო ობიექტების ფოტოსურათები, ამიტომ გაურკვეველია- ეს რეალურად მოქმედი თუ ნგრევადი ობიექტებია.

„სად არის სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზაციის კომიტეტის თვამჯდომარე,  რატომ არ მოდის ის პარლამენტში უკვე რამდენიმე სხდომაა, ჩვენ კითხვები გვაქვს ძველ ობიექტებთან დაკავშირებით, მაგრამ მისი მოძებნა ვერ ხერხდება“.- განაცხადა დბარმა.

დეპუტატმა ლეონიდ ჩამაგუამ აღნიშნა, რომ ყოველწლიურად ხაზინაში პრივატიზებული ობიექტებიდან როგორც მინიმუმი, 1 მილიარდი რუბლი უნდა შევიდეს. მაგრამ ეს ასე არ ხდება.

„რატომ უნდა მივუთითოთ ინვესტიციების მოცულობად- 200-500 მლნ რუბლი, თუ ეს არ გაკეთდება. ჩვენ კარგად გვახსოვს ცანდრიფშის (დაბა განთიადი) მაგალითი. გვარწმუნებდნენ, რომ ობიექტში ჩადებული იქნება 2 მლრდ რუბლი, შემდეგ თანხა შემცირდა 1,5 მლრდ-მდე,  მერე 1 მლრდ-მდე, დღეისთვის კი არც ერთი კაპიკი არ არის ჩადებული. მე პრივატიზაციის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ უნდა შესრულდეს ის პირობები, რომელიც ობიექტის შემდგომ ინვესტიცირებას უკავშირდება. თუ არადა ეს ობიექტები ისევ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს“,- განაცხადა ჩამაგუამ.

ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ვალერი კვარჭიამ  აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ხდება იმ მიწის ნაკვეთების ფარული გაყიდვა, სადაც პრივატიზებული ობიექტები დგანან. „ ჰექტარობით მიწა იაფად იყიდება- 400-600 ათას რუბლად. ასეთ ფასად ადამიანები გარაჟს და დამხმარე ნაგებობებს არ გაყიდიან, აქ კი გვთავაზობენ მინიმალური ფასით ობიექტების პრივატიზებას, რომლებიც   დიდი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთებზე დგანან“,-აღნიშნა კვარჭიამ.

დიდი კამათის შემდეგ დეპუტატებმა მაინც შეადგინეს ორი დამატებითი სია პრივატიზაციას დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალით.(Abkhazia inform, 09.11.18)

რუსული მხარე  ცდილობს ოკუპირებულ აფხაზეთს მიწის გასხვისების საკითხი თავს მოახვიოს. ამჯერად შესაბამისი განცხადება “აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩმა” ალექსეი დვინიანინმა გააკეთა.

მან “მეგობრულად ურჩია” აფხაზურ მხარეს, თუ მიწის ყველა უცხოელზე გასხვისების დაშვება არ სურს, რუსეთის მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაუშვას.

«შევეხები თემას, რომელიც შესაძლოა, აფხაზური საზოგადოებისთვის აქტუალური არ იყოს, თუმცა რეალურად, საკმაოდ მწვავეა. ვგულისხმობ მიწის გასხვისების საკითხს. აქ მიზანმიმართულად ვიტყვი “რუსეთის მოქალაქეებისთვის” და არა ზოგადად “უცხოელებისთვის” მიყიდვას, რადგან სამოკავშირეო ურთიერთობები თავისთავად გულისხმობს იმას, რომ გარკვეულ მწვავე საკითხებში ერთმანეთთან დათმობაზე წავიდეთ, დავუშვათ რაღაც გამონაკლისები, ამ შემთხვევაში – ტერმინ “უცხოელებიდან” პირველ ეტაპზე რუსეთის მოქალაქეები გამოვყოთ», - განაცხადა ალექსეი დვინიანინმა.

ე.წ.ელჩის აზრით, ეს საკითხი მედიაშიც, “საზოგადოებრივ პალატაშიც და  პარლამენტშიც „ უნდა განიხილებოდეს.

«რატომ არ უნდა გავიდეს ეს საკითხები განსახილველად? არავინ აიძულებს და არც აპირებს, აიძულოს აფხაზეთი, მსგავსი გადაწყვეტილებები ხალხის აზრის საწინააღმდეგოდ მიიღოს, თუმცა ფაქტია, რომ ეს საკითხები განხილვასა და გადაჭრას საჭიროებს. დასაწყისისთვის, ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ საექსპერტო ან ნებისმიერ სხვა დონეზე ამ თემების განხილვაში», - დასძინა დიპლომატმა. Accent, 18.12.18

ყოველივე ზემოთთქმულიდან აშკარად ჩანს, რომ საოკუპაციო ძალა მიანმიმართულად იბრძვის ოკუპირებულ აფხაზეთში თავისი ჩანაფიქრის განხორციელებისათვის. კერძოდ, მან უკვე წარმატებით გადაწყვიტა ენგურის პერიმეტრზე ბორდერიზაციისა და მავთულხლართების გაყვანა და დააფიქსირა „საქართველო-აფხაზეთის საზღვარი“. მკაცრად აკონტროლებს  გამყოფ ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიას და „საზღვრის“ უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის ადამიანების -დაკავებას, მათი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაყვანას, დაჯარიმებას და დაპატიმრებას მიმართავს.

აქტიურად მიდის მუშაობა გალის რაიონის რუსიფიკაციისთვის და  თუ ამ მიმართულებით რაიმე არ შეიცვალა, ნეგატიურ ტენდენციები  კიდევ უფრო გაღრმავდება. ამას ემატება, გალელთა  დისკრიმინაცია - მათი უცხო ქვეყნის მოქალაქეებად აღიარება და„ბინადრობის უფლების“ შემოღება. რუსეთი ,ასევე, თავს არ ანებებს რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების გაყიდვის დაშვების  საკითხის პედალირებას, თუმცა არაერთხელ  გაესვა ხაზი,  რომ ეს თემა  აფხაზური მხარისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფიქსირდება ძალზე რთული სიტუაცია, რომლის განმუხტვაზეც საოკუპაციო ძალას და სეპარატისტულ რეჟიმს არაერთხელ მიუთითეს  საერთაშორისო ორგანიზაციებმა და აღნიშნეს, რომ 21-ე საუკუნეში სამარცხვინო და მიუღებელია ხელოვნური ბარიერებითა და მავთულხლართებით ადამიანების გაყოფა და მათი იზოლირება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, სხვადასხვა სახის დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, თუმცა ადგილობრივი სეპარატიტული  რეჟიმი ამ მოწოდებებზე არ რეაგირებს, პირიქით, ქართულ მხარეს მოუწოდებს მიიღოს აფხაზეთში არსებული სტატუს-კვო და შეეგუოს იმ რეალობას, რომელიც აფხაზეთის ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც, ცხადია, არასდროს არ მოხდება.

 

გამოყენებული წყაროები

 

  1. Apsnypress.info
  2. Abkhazia inform
  3. sputnik Abkhazia
  4. apsny.ru
  5. Abaza-TV
  6. Apsua.tv.ru
  7. Abkhaz-auto.ru
  8. Ekhokavkaza.com
  9. kavkaz- uzel.eu
  10. Aiaaira.com
  11. Apsny life.ru
  12. Нужная газета
  13. Ria.ru
  14. kavpolit.ru
  15. tass.ru.
  16. Ipn.ge
  17. Ghn.ge
  18. Pia.ge
  19. Radiotavisufleba.ge
  20. Accent.com.ge
  21. Livepress.ge
  22. DFwatch.net

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის

პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო