აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ეკოლოგიური სიტუაცია - საფრთხეები, გამოწვევები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის

პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო

 

საინფორმაციო ბიულეტენი 1

 

 

თემა: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე

არსებული ეკოლოგიური სიტუაცია -

საფრთხეები, გამოწვევები

 

 

 

თებერვალი, 2019 წელი

თემა: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ეკოლოგიური სიტუაცია -

საფრთხეები, გამოწვევები

 

სეპარატისტული რეჟიმისა  და საოკუპაციო ძალის  მიერ აფხაზეთის ბუნებრივი სიმდიდრეების მიმართ არარაციონალური, მომხმარებლური დამოკიდებულებისა და გარემოს დაბინძურების პროცესების მიმართ უყურადღებობის შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში საგანგაშო ეკოლოგიური ვითარება ყალიბდება.

უკონტროლო ტერიტორიაზე შექმნილ შემაშფოთებელ სიტუაციაში ლომის წილი მიუძღვის საოკუპაციო ძალას, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს აფხაზეთის ბუნებრივი სიმდიდრეები, თავის ტერიტორიაზე გაიტანოს ყველაფერი,  რისი გატანაც და მოხმარებაც შეიძლება, გააჩანაგოს აფხაზეთის უნიკალური ბუნება, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის არა მარტო აღნიშნულ რეგიონსა და იქ მცხოვრებ ადამიანებს, არამედ მიმდებარე სივრცეებსაც. რუსეთის ფედერაციამ, ოკუპირებული ტერიტორიების “დამოუკიდებლობის” აღიარების შემდეგ  ეკოშეტევა დაიწყო აფხაზეთის სანაპირო ზოლსა და  მდინარეებზე, საიდანაც დაუგეგმავად, გარემო პირობების გათვალისწინებისა და მოფრთხილების გარეშე, ბარბაროსულად ხდება  ინერტული მასალების მოპოვება და ექსპორტი.

აფხაზეთიდან ინერტული მასალების ინტენსიური გატანა  2008  წლიდან დაიწყო . ამ პერიოდში სოჭის ოლიმპიური ქალაქის მშენებლობისთვის რუსულ მხარეს  სოხუმის პორტიდან ყოველდღიურად დიდი ოდენობით  ინერტული მასალა გაჰქონდა.  როგორც  ინტერნეტპორტალი   NTKnews.ru წერდა, პორტს უმთავრესად სოჭში აფხაზეთში მოპოვებული ქვა-ღორღის, ხრეშისა და ნახშირის გასატანად იყენებდნენ.

ამავე  პერიოდში გავრცელდა რუსული ტელეკომპანია OPT--ს მიერ გადაცემული ვიდეოკადრები და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული სლაიდები, რომლებიც მდინარე გუმისთის ხეობაში ქვა-ღორღის მოპოვების სამუშაოებს ასახავდნენ.

ექსპერტების აზრით, აფხაზეთის სანაპირო ზოლში ინერტული მასალების დაუგეგმავი,ბარბაროსული მოპოვება შავი ზღვის ეკოსისტემას რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს, რაც გამოიწვევს სანაპიროების-პლაჟების დეგრადაციას, ახალი პრობლემური კერების წარმოქმნას , არსებული მდგომარეობის გამწვავებას და ინერტული მასალების ინტენსიური მოპოვების გამო ზღვის ექსპანსიას. ასეთი ტენდენციით,  დასახლებულ პუნქტებს შორის, რომლებიც რეკრეაციულ ზონას  დაკარგავენ, შესაძლოა, ქვემო გულრიფში და ოჩამჩირეც აღმოჩნდეს და რამდენიმე წელიწადში, სავარაუდოდ, ამ ადგილებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს  საჭირო.

“აფხაზეთის სანაპიროდან ინერტული მასალების ამოღების გაგრძელების შემთხვევაში შავი ზღვის ეკოსისტემა რეაბილიტაციას არ დაექვემდებარება,”- აღნიშნულია 2010 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.სამინისტრომ  საერთაშორისო საზოგადოებას და შესაბამის ორგანიზაციებს  არაერთგზის მოუწოდა სათანადო ყურადღება მიაქციონ  საქმიანობას, რომელიც ზიანს აყენებს  აფხაზეთის სანაპირო ზოლს.

   როგორც ცნობილია, შავი ზღვის სანაპირო 315 კილომეტრს შეადგენს, აქედან 1961 წლისათვის 145 კილომეტრი  მოირეცხა, რაც განპირობებული იყო ჰესების მშენებლობითა და მდინარეების კალაპოტებში ქვა-ღორღის გაუმართლებელი მოპოვებით. მდგომარეობის გამოსასწორებლად საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში 1960-1980-იანი წლების ბოლომდე მიმდინარეობდა ინტენსიური ნაპირგამაგრებითი სამუშაოები, იქმნებოდა ხელოვნური პლაჟები, რაც 90-იანი წლების დასაწყისში შეაჩერეს.

ქართველი ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ამბიციური რუსული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც სოჭში 2014 წლის ოლიმპიადისთვის ხელოვნური კუნძულის შექმნას ითვალისწინებდა, აფხაზეთის სანაპიროს გარდაუვალი და სრული ეკოლოგიური კატასტროფა დაემუქრება,  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სპეციალისტთა გათვლებით, კუნძულის შექმნისათვის საჭირო იყო სულ მცირე 120 მილიონი ტონა ქვა-ღორღი, სწორედ იმდენი, რამდენის ამოღებაც დაიგეგმა აფხაზეთის სანაპირო ზოლიდან, რაც ყოვლად დაუშვებელია.

რუსი ექსპერტებიც ღიად საუბრობდნენ იმ საფრთხეებზე, რასაც სოჭის ოლიმპიური ქალაქის ასაშენებლად აფხაზეთის  ბუნებისთვის მიყენებული ზიანი გამოიწვევდა.  რუსეთის ეკოლოგიის აკადემიის წევრის, გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ნ.ვოლკოვის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნაში აღნიშნულია: “სოჭის ოლიმპიადა არის კაცობრიობის საწინააღმდეგო ეკოლოგიური დანაშაული და კრემლის გეოპოლიტიკური ავანტიურა”.

აფხაზეთის სანაპირო ზოლზე მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის საკითხებზე 2011 წლის ნოემბერში, თბილისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით კონფერენცია ჩატარდა, რომლის მიზანი პრობლემის გადაჭრის გზების ძიება და  გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება იყო.          

   თავად აფხაზებიც აცნობიერებდნენ იმ საშიშროებას, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა აფხაზეთის მდინარეებიდან ინერტული მასალების დაუგეგმავ, არარაციონალურ ამოღებას. აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის  იმდროინდელმა  ე.წ. ხელმძღვანელმა ალექსანდრე ანქვაბმა 2012 წლის 6 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ  აფხაზეთის მდინარეებში ინერტული მასალების მოპოვება რეგიონის ეკოლოგიას სერიოზულად დააზიანებს, ამიტომ აფხაზური მხარე სოჭის ოლიმპიადის ობიექტების ასაშენებლად ინერტულ მასალებს შეუზღუდავად ვერ გასცემს. ანქვაბის განცხადებით, აფხაზეთის ეკოლოგიისათვის უსაფრთხოდ ინერტული მასალების ამოღება მხოლოდ მდინარე კოდორიდან შეიძლება.

“სოჭის ოლიმპიური მშენებლობისათვის აფხაზეთისგან რისი მოლოდინიც შეიძლება ჰქონდეთ, ეს არის ერთი, მაქსიმუმ ორი მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალა. რუსებს დიდი მადა აქვთ, აფხაზებს კი მწირი შესაძლებლობები. მათი სურვილები  აშკარად არ შეესაბამება  ჩვენს შესაძლებლობებს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ფსოუ, ბზიფი, გუმისთა და სხვა მდინარეები სამრეწველო ობიექტებად გადაიქცეს, მილიონობით კუბურ მეტრზე კი საუბარიც დაუშვებელია. გარემოსათვის უვნებლად, ინერტული მასალების მოპოვება მხოლოდ კოდორში შეიძლება. ეს მდინარე აფხაზეთში ერთადერთია, რომელიც სანაპიროს არ ქმნის. დანარჩენ მდინარეებში, ეკოლოგების აზრით, ინერტული მასალების მოპოვება არ შეიძლება,”- განაცხადა ანქვაბმა და დასძინა, რომ ის, გზების საფარის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, არ დაუშვებს ინერტული მასალების საავტომობილო გზებით ტრანსპორტირებას.

2011 წლის ოქტომბერში რუსეთის სარკინიგზო ხაზებმა განაახლეს ოკუპირებული რეგიონიდან ინერტული მასალების (ქვიშა, ხრეში) ექსპორტი სოჭის ოლიმპიადის ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებამ  საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა შესაბამისი შეფასება  მიეცათ რუსეთის უკანონო ქმედებებისათვის.

 „ოკუპანტი ძალის და მარიონეტული რეჟიმის დამანგრეველი ქმედებების გამო შავი ზღვის სანაპირო აბრაზიას განიცდის, მათ მიერ მდინარე გუმისთიდან ინერტული მასალების მოპოვებამ მეწყერები და მიკროკლიმატის გადაგვარება გამოიწვია. ამასთან,  რუსული მხარის მიერ ნავთობის უკანონო მოძიება შავ ზღვაში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არალეგიტიმურად, გარემოს დაცვის ნორმების დარღვევით ხდება", _ ამის შესახებ საქართველოს წარმომადგენლებმა მექსიკაში გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის მხარეთა მე-16 კონფერენციაზე განაცხადეს.

მიუხედავად გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე  ორგანიზაციების  მხრიდან გამოთქმული პროტესტისა,  სოჭის ოლიმპიური ქალაქის ასაშენებლად აფხაზეთის ტერიტორიაზე ინერტული მასალების მოპოვების პროცესი  არ შეწყვეტილა. საპროტესტო ნოტა საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც არაერთხელ გაიგზავნა. თუმცა ამ  განცხადებებს რეაგირება არც კრემლის და არც სეპარატისტების მხრიდან არ მოჰყოლია. ამასობაში, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ზღვის  ნაპირმა 2 მეტრით გადმოიწია.

   სოჭის ოლიმპიადის შემდეგ   რუსეთმა  აფხაზეთში ინერტული მასალების  მოპოვებისა და გატანის მიმართ ინტერესი გარკვეულწილად შეანელა და ამ მიმართულებით ხანგრძლივი პაუზა დაფიქსირდა .  2017 წლიდან კი აფხაზურ მხარეს  რუსეთში ინერტული მასალების ექსპორტირების ახალი შანსი გაუჩნდა. 

2017 წლის ოქტომბერში მე-8 რუსულ-აფხაზური  საქმიანი ფორუმის ფარგლებში აფხაზეთის შპს „გაერთიანებულმა  გადამმუშავებელმა კომპლექსმა“ და რუსულმა კომპანიამ შპს „ტეხნოლოგიიმ“ შეთანხმება გააფორმეს რუსეთის ფედერაციისათვის 600 ათასი ტონა ქვიშისა და ქვა-ღორღის მიწოდების თაობაზე.  აფხაზური მხარის თქმით ეს პირველი შეთანხმებაა ინერტული მასალების რუსეთის ბაზარზე გატანასთან დაკავშირებით“.-აღნიშნა  ე.წ. საქმიან ფორუმზე.

2018 წლის 11 ივნისს   ოკუპირებული  აფხაზეთიდან  ყირიმში  „ორმხრივი შეთანხმების“ თანახმად ქვა-ღორღის პირველი პარტია გაიგზავნა . „ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩვენ ისევ დავიწყეთ  ქვა-ღორღის ექსპორტი და დღეს პირველი პარტია- 3 ათასი ტონა გავაგზავნეთ ყირიმში. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე კიდევ 200 ათას ტონა ინერტულ მასალას გავაგზავნით.  ამ პროდუქციის  საჭიროება განპირობებულია ყირიმის ტერიტორიაზე ფედერალური მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით.  აფხაზეთის მეწარმეებისთვის ეს დიდი მხარდაჭერაა“.-განაცხადა  რუსულ საინფორმაციო სააგენტო  “ТАСС“-თან საუბარში  აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა  ადგურ არძინბამ..

 მან ასევე, მიუთითა, რომ აფხაზეთი მზადაა რუსეთის ბაზარს  წლის განმავლობაში 1 მლნ ტონა  ხარისხიანი ინერტული მასალა მიაწოდოს. სამინისტროს მონაცემებით ამჟამად  აფხაზეთში  შესწავლილი ინერტული მასალების მოცულობა, მათ შორის, ქვიშისა და ქვაღორღისა, დახლოებით 10 მლნ ტონას შეადგენს.

„პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რომელიც 2018 წელს ჩატარდა, მე საუბარი მქონდა რუსეთის ახალ ვიცე-პრემიერთან ვიტალი მუტკოსთან, რომელიც აფხაზეთის მიმართულებით შეზღუდვების მოხსნის საკითხით არის დაკავებული. შესაბამისი წერილი უკვე გაიგზავნა აფხაზეთიდან.  იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი  უახლოეს ხანებში გადაწყდება,  რაც შესაძლებლობას მოგვცემს კიდევ უფრო დიდი მოცულობით მოვახდინოთ ინრტული მასალების  ექსპორტირება“,- აღნიშნა აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა.

   ინერტული მასალების პირველი პარტიის გაგზავნიდან ორი კვირის შემდეგ აფხაზეთიდან ყირიმში მეორე სატვირთო გემით 2,5 ათასი ტონა ქვა-ღორღი გაიგზავნა გზების მშენებლობისთვის.

„  პირველი ტვირთი ყირიმში წარმატებით ჩავიდა და გადამუშავების  შემდეგ ყირიმის ხიდიდან სევასტოპოლამდე  გზის მშენებლობისთვის იქნა გამოყენებული.ყირიმისთვის ქვა-ღორღის მიწოდება რეგულარულ სახეს მიიღებს და წლის ბოლომდე ნახევარკუნძულზე 200 ათასი ტონა ინერტული მასალა გაიგზავნება“.-განაცხადა აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს პრეს-მდივანმა გიორგი ბერძენიამ.

მისი თქმით, დღეისათვის აფხაზეთში  ქვა-ღორღის მოპოვებით მხოლოდ ერთი კომპანია  „ გაერთიანებული გადამმუშავებელი კომპლექსი“ არის დაკავებული. მაგრამ პერსპექტივაში   ამ უბანზე სხვა ფირმების მოზიდვაც იგეგმება,- აღნიშნა პრეს-მდივანმა.

„აფხაზეთისა და ყირიმის თანამშრომლობა პოზიტიურად მოქმედებს  აფხაზეთის ბიუჯეტის მდგომარეობაზე. 200 ათასი ტონა ინერტული მასალისგან ბიუჯეტში 20 მლნ რუბლი შემოვა გადასახადებისა და სხვა დარიცხვების სახით. მომავალი წლისთვის, როგორც დაგეგმილია,  ყირიმში 400 ათას ტონა ქვა-ღორღს გავაგზავნით, რის შედეგადაც შემოსული თანხა გაიზრდება“,- აღნიშნა  ბერძენიამ.

აფხაზური მხარე ამტკიცებს,  რომ  ინერტული მასალების მოპოვება „აფხაზეთის ეკოლოგიისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და  აფხაზეთის ბუნებას და ეკოლოგიურ სიტუაციას ზიანს არ მიაყენებს.“ „მთელი საქმიანობა  შეთანხმებულია ეკოლოგებთან, რომლებიც აფხაზეთის ბუნებისთვის ზიანის მიუყენებლად  წელიწადში 1 მლნ ტონა ქვა-ღორღის მოპოვების უფლებას გვაძლევენ  “,-აცხადებენ  აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროში.

თუმცა  აფხაზეთში  შექმნილ ეკოლოგიურ სიტუაციაზე განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ  ექსპერტებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბუნებრივი სიმდიდრეების ხელაღებით და ბარბაროსულად მოხმარება   რეგიონს გამოუსწორებელ ზიანს  მიაყენებს.

 ოკუპირებული აფხაზეთის ეკოსისტემაში არსებული საფრთხეების ანალიზსა და მათი აღმოფხვრის გზების ძიებას მიეძღვნა 2018 წლის 3 მაისს თბილისში ,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს მიერ ჩატარებული კონფერენცია თემაზე: „აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მასზე ანთროპოგენური      ზემოქმედების შედეგების ანალიზი“ , სადაც მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო  აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდინარეული მყარი ნატანი მასალის შემცირებას ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად და მისგან გამოწვეულ სანაპირო ზოლის ლითოდინამიკური მდგომარეობის რღვევას, რაც უნიკალურ ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის.

კონფერენციაზე  გამოიკვეთა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ძალზე საგანგაშო ეკოლოგიური ვითარება, აღინიშნა, რომ სანაპირო ზოლიდან 4-5 კილომეტრის დაშორებით მდინარეებში, რომელთა მყარი ნატანი უზუნველყოფს სანაპიროს ლითოდინამიკური სისტემის მდგრადობას, ხდება დიდი რაოდენობით ინერტული მასალის მოპოვება, რამაც გააძლიერა პლაჟების  მორეცხვის პროცესები.

„საქმე გვაქვს აფხაზეთის უნიკალური რეკრეაციული ეკოსისტემის უხეშ ხელყოფასთან. სიტუაცია მოითხოვს, რომ ჩატარდეს  საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება კონფლიქტების  გავლენას ეკოლოგიურ გარემოზე. ამ საკითხის   გაჟღერებით ფართო საზოგადოებისთვის  ცნობილი გახდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკოსისტემის ნგრევის ფაქტები და მისგან მომდინარე საფრთხეები, ის კატასტროფა, რომელიც  ემუქრება აფხაზეთს ეკოლოგიური ბალანსის დარღვევის გამო“,- განაცხადეს კონფერენციის მონაწილეებმა.

 კონფერენციის ფარგლებში გამოიცა ბუკლეტი „ აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მასზე ანთროპოგენური ზემოქმედებს შედეგების  ანალიზი, სადაც ნაჩვენებია ის ნეგატიური  პროცესები, რაც  აფხაზეთის მდინარეებიდან  ინერტული მასალების არარაციონალურმა, დაუგეგმავმა  მოპოვებამ განაპირობა.

„1986-2013 წლების  დაკვირვების მონაცემებით, ამ პერიოდში სოხუმის კონცხის დასავლეთ სანაპირო ხაზმა ხმელეთისკენ 61 მეტრით გადაინაცვლა (წლიური გადაადგილება 2013 წლამდე შეადგენს 1,6 მეტრს. ჩვეულებრივ პირობებში სანაპირო ხაზის ხმელეთისაკენ გადაადგილების (45მ/საუკუნე) პროგნოზული სიდიდე წელიწადში 0,45 მ-ია. მდინარე გუმისთის ნატანის რეგულირების შემდეგ ამ სიდიდემ დაახლოებით წელიწადში 1 მ შეადგინა. 1976-2013 წლების მონაცემიც 1 მეტრი უნდა ყოფილიყო, რომ არა მდ. გუმისთის ჭალიდან ინერტული მასალის ინტენსიური მოპოვება, რის შედეგადაც წლიურმა მონაცემმა 1,6 მეტრი შეადგინა, ხოლო 2013-2017 წლებისთვის სანაპირო ხაზმა ხმელეთისაკენ გადაინაცვლა 9 მეტრით. ე.ი. წელიწადში 1,8 მეტრით. 1986-2017 წლებში სანაპირო ხაზის ხმელეთისაკენ გადაადგილებამ 70 მეტრი შეადგინა. წლიურმა საშუალო გადაადგილებამ კი 2,25 მეტრი. ასეთი ზრდა გამოწვეულია იმითაც, რომ გამოზიდვის კონუსი გროვდება გუმისთის კანიონის წვერზე და მის ფერდებზე. სანაპიროს გასწვრივ ნაკადში მოქცეული მყარი ნატანი ძლიერ დეფიციტურია“.-აღნიშნულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს მიერ გამოცემულ კრებულში, სადაც , ასევე, საუბარია აფხაზეთის მდინარეების ახლოს  მოქმედი ინერტული მასალების გადამმუშავებელი ქარხნების საქმიანობისა და მათი  წარმადობის  შესახებ.

 „მდინარე ბზიფი მდებარეობს ზღვის სანაპიროდან 4 კილომეტრის დაშორებით, აღმოსავლეთით. აქ არსებული საწარმოოს წარმადობა  შედგენს 200-დან 400 კუბ/მეტრამდე  დღეში, საშუალოდ 300 კუბ/მეტრამდე დღეში. წლიურად უშვებს 86 000 კუბურ/მეტრ სამშენებლო ქვიშას, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებიტ 632 000  აშშ დოლარს;

ბზიფი 2 მდებარეობს ზღვის სანაპიროდან 8 კილომეტრში აღმოსავლეთით. წარმადობა-400-დან 600 კუბ/მეტრამდე დღეში. საშუალოდ 500 კუბ/მეტრამდე დღეში. წლიურად უშვებს 144 000 კუბ/მეტრ სამშენებლო ქვიშას, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 1 058 400   აშშ დოლარს. ქარხანაში შემოდის რკინიგზის ჩიხი და,სავარაუდოდ, პროდუქციის ტრანსპორტირება ხდება ძირითადად რკინიგზის ვაგონებით.

ორივე ქარხანა  ინერტულ მასალებს იღებს მდინარე ბზიფის კალაპოტიდან წელიწადში  230 000 კუბ/მეტრის მოცულობით.

მდინარე ბზიფს სანაპირო ზოლში შემოაქვს 325 000 კუბ/მეტრი მყარი ნატანი, აქედან  პლაჟამგები მყარი ნატანის რაოდენობა შეადგენს 1 000 000 კუბურ/მეტრს. მდინარე გუმისთის ხეობაში განლაგებულია 4 ინერტული მასალის კარიერი და შესაბამისად მათი გადამმუშავებელი ქარხნები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე 2011 წელს აღმოცენდნენ და  იქ დღემდე მიმდინარეობს სამთო-მოპოვებითი სამუშაოები. საერთო წლიური მოპოვება ამ კარიერებზე შეადგენს დაახლოებით 665 ათას კუბურ/მეტრ ინერტულ მასალას. ჯამში აღნიშნული კარიერებიდან 2011-2016 წლებში ( 6 წლის განმავლობაში) ამოღებული და გადამუშავებულ იქნა 4 მლნ კუბურ/მეტრი ინერტული მასალა. 1 კუბ/მეტრი სამშენებლო ქვის  საბაზრო ღირებულება 18 ლარია, რაც დღეისათვის 7,34 აშშ დოლარს შეადგენს. გუმისთის ხეობაში 2011-2016 წლებში მოპოვებული  და გადამუშავებული პროდუქციის ღირებულება დაახლოებით 29 მლნ აშშ დოლარს შეადგენს“.

 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  1 კუბ/მეტრი გადამუშავებული პროდუქციის ღირებულება 18 ლარია ანუ 7,35 აშშ დოლარი. ე.ი.  აფხაზეთში ყოველწლიურად უშვებენ 2 205 000 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციას.

 მდინარე კოდორის ჭალიდან მოპოვებული ინერტული მასალა  მუშავდება ორ ქარხანაში. ერთი მდებარეობს უშუალოდ კოდორის ჭალაში, კოდორის საავტომობილო ხიდის მიმდებარედ, მეორე კი დრანდის რკინიგზის სადგურთან, საიდანაც ხდება პროდუქციის ტრანსპორტირება.“-აღნიშნულია  გამოცემაში.

აქ განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კოდორის დინამიკური რაიონის აბრაზიული ნაპირის ფართობი  169 200 კუბ/მეტრს შეადგენს, ხოლო სანაპირო ხაზის წლიური გადაადგილება ხმელეთისაკენ_ 1,3 მეტრს, მაშინ როდესაც ბუნებრივ პირობებში ის უნდა ყოფილიყო 0,6 მეტრი წელიწადში.

„იმისთვის, რომ აღნიშნულ სანაპირო ხაზზე  პლაჟამგები ნაშალი მასალის ბიუჯეტის  დაბალანსება მომხდარიყო, 1982-90 წლებში,   სანაპიროს გასწვრივ 9 კმ სიგრძეზე, 10 ჰა  ფართობზე,  ხელოვნურად იქნა  შემოტანილი  1,6 მლნ კუბ/მეტრი ინერტული მასალა.“- აღნიშნულია  კრებულში.

  ზემოთ აღნიშნული ეკოლოგიური სიტუაციის გაანალიზების შედეგად კონფერენციის მონაწილე ექსპერტებმა  შეიმუშავეს რიგი  რეკომენდაციები და წინადადებები , სადაც ასახულია  ეკოკატასტროფის  თავიდან აცილების გზები.

„ ჩვენი აზრით, პირველ რიგში შავი ზღვის სანაპიროს 20 კილომეტრიანი ზონის ფარგლებში  უნდა შეწყდეს მდინარეებში- კოდორში, კელასურში , გუმისთასა და  ბზიფში -ინერტული მასალების მოპოვება. ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის თუ  ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინერტული მასალების მოპოვება და რუსეთის ტერიტორიაზე ექსპორტი, მაშინ უნდა მოიძებნოს ინერტული მასალების ალტერნატიული საბადოები 20 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის მიღმა, რაც ვფიქრობთ, სრულიად შესაძლებელია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველომ ხელი მოაწერა კონვენციას შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის შესახებ (ბუქარესტი,1992) და შავი ზღვის გარემოს დაცვის მინისტრთა დეკლარაციას (ოდესა, 1993), რომლითაც აღიარებულია ეროვნულ დონეზე შავი ზღვის ქვეყნების მიერ სანაპირო ზოლის მართვის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების აუცილებლობა, რაც მოიცავს ქმედებებს საკანონმდებლო და ეკონომიკური მიმართულებებითაც, რათა უზრუნველყოფილ იქნას გაეროს 1992 წლის რიო დე ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის მიერ  მიღებული „21-ე დღის წესრიგის“  სულისკვეთება.

 კონფერენციის დასკვნით დოკუმენტში  ხაზი გაესვა იმ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს აფხაზეთის ეკოსისტემის დაცვისთვის, კერძოდ, დიკუმენტში მითითებულია:

„ყველა არსებული მეთოდით უნდა გაძლიერდეს მონიტორინგი სანაპიროზე მიმდინარე მორფო და ლითოდინამიკურ პროცესებზე;

 აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის ხელშეწყობით, ჩვენი სპეციალისტების ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში გრძელდება და მომავალშიც უნდა გაგრძელდეს აფხაზეთის სანაპირო ზონის დინამიკური ქვესისტემის შესწავლა. შედეგად გამოიყოფა სანაპირო ზოლის განსაკუთრებით საშიში უბნები, სადაც პლაჟების ინტენსიური მორეცხვა და მორფოლოგიური პროფილის ცვლილებები მიმდინარეობს. შესაბამისად დაიგეგმება პრევენციული ღონისძიებები;

სააგენტოს ამოცანაა მოზიდულ იქნას  საერთაშორისო სუბიექტები აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგიის შემუშავებაში;

 საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით უზრუნველყოფილ უნდა იქნას აფხაზური და ქართული საზოგადოებების  ჩართვა ამ პრობლემური საკითხების ერთობლივად გადაჭრის საქმეში.“,-აღნიშნულია ტექსტში.

გარდა ინერტული მასალების მოპოვებისა, აფხაზეთის უნიკალურ ბუნებას დიდ ზიანს აყენებს ხე-ტყის უკანონოდ და დაუგეგმავად გაჩეხვა, დაცული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულვებელყოფა. ეს პროცესი ჯერ კიდევ  აფხაზეთში ე.წ.  „მშვიდობისმყოფელების“ ყოფნის დროიდან დაიწყო, რომლებიც მფარველობას უწევდნენ და ხელს უწყობდნენ  ადგილობრივ კრიმინალებს აფხაზეთის ბუნებრივი რესურსების გაჩანაგებასა და  რეგიონის ფარგლებს გარეთ გატანაში. სეპარატისტების  მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ე.წ. “ცისფერჩაფხუტიანების” ნებართვის გარეშე ფაქტიურად შეუძლებელი იყო ხე-ტყის გატანა. ისინი აკონტროლებდნენ როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო მარშრუტებს. ხე-ტყის უკანონო ჩეხვის ბიზნესში აქტიურად იყვნენ ჩართულები რუს „მშვიდობისმყოფელთა“ მაღალჩინოსნებიც. მათ მიერ გატანილ ხე-ტყის ნედლ მასალას არავითარი დაბრკოლება არ ექმნებოდა არც აფხაზეთის ე. წ. საბაჟოზე და არც რუსეთში.

აფხაზეთის უნიკალურ ბუნებაზე ეკო-შეტევამ  ინტენსიური ხასიათი მიიღო  სოჭის ოლიმპიადისათვის მზადების პერიოდში.

“სოჭის ოლიმპიადის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინერტულ მასალებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან ინტენსიურად გაედინება  ხე-ტყის მასალა. უსისტემოდ, ყოველგვარი მოფრთხილების გარეშე იჩეხება საქართველოსა და საერთაშორისო “წითელ წიგნებში” შეტანილი  იშვიათი ჯიშის ხეები,  ნადგურდება  და მეჩხერდება ტყის საფარველი, რაც  ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებს არა მარტო  უნიკალური ჯიშის მცენარეებით მდიდარ აფხაზეთის  ბუნებას, მის უნიკალურ ფლორას, არამედ ფაუნასაც”.-აღნიშნავდნენ იმ პერიოდში  ექსპერტები.

ბუნების დამცველები მიუთითებდნენ, რომ აფხაზეთში  საგანგაშო ხასიათი მიიღო წითელ წიგნში შეტანილი, იშვიათი ჯიშის ხეების_ბიჭვინთის ფიჭვის, უთხოვარის, ქართული ნეკერჩხლის, ბზის, წაბლის, მუხის, კაკლის, თელის, ძელქვის და სხვა ძვირფასი ჯიშის ხეების მოჭრამ და  აფხაზეთის ფარგლებს გარეთ გატანამ, რასაც საქართველოს ხელისუფლებისა და  ექსპერტების მხრიდან საპროტესტო განცხადებები მოჰყვა. მაგრამ მიუხედავად  არაერთგზის გამოხატული  პროტესტისა  სეპარატისტებს ოკუპანტი ძალის ხელშეწყობითა და მონაწილეობით აფხაზეთის უნიკალური ფლორისა და ფაუნის განადგურების პროცესი არ შეუწყვეტიათ. ისინი  ცინიკურად უგულვებელყოფდნენ დაცული ტერიტორიების შესახებ კანონებს და საქართველოსა და საერთაშორისო “წითელ წიგნებში” შეტანილ  იშვიათ სახეობებზე  ძირითადად სწორედ დაცულ ტერიტორიებსა და ნაკრძალებში ნადირობდნენ. ამას მოწმობს  საქართველოს ტელევიზიების  მიერ  2013-2014 წლებში  მოპოვებული და  გავრცელებული ვიდეო და ფოტო-მასალა, რომლებიც რუსმა მონადირეებმა თავად გადაიღეს, სადაც აშკარად ჩანს, როგორ ანადგურებენ რუსი ბრაკონიერები ნაკრძალის ტერიტორიაზე მობინადრე იშვიათი ჯიშის სახეობებს. აღნიშნული ფოტო და ვიდეო მასალა საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა  საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნეს.

ცალკე თემაა რუსული კომპანია “როსნეფტის” მიერ  შავი ზღვის აფხაზეთის მონაკვეთზე ნავთობსაძიებო სამუშაოების დაწყების საკითხი, რამაც შეიძლება ოკუპირებული აფხაზეთის ეკოსისტემას  გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენოს. 2009 წლის 24 დეკემბერს რუსულ კომპანია “ როსნეფტსა” და აფხაზეთის  კოლაბორაციონისტულ მთავრობას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რუსულ კომპანიას  გეოლოგიური-დაზვერვითი სამუშაოების ჩატარებისა და შემდგომში ნავთობის მოპოვების  უფლება ეძლეოდა საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთში, შავი ზღვის შელფზე. აღნიშნული შეთანხმების თანახმად,  სამუშაოების ჩატარება დაიგეგმა აფხაზეთის სანაპიროდან 11-12 კილომეტრში, ტუაფსედან 37 კილომეტრში, 800 მეტრის სიღრმეზე. გასაწმენდი მოწყობილობებისათვის აფხაზურ ბიუჯეტში ჩადებული იქნა 780 მილიონი რუბლი, რაც უკვე იმას მოწმობდა, რომ თავიდანვე იყო გათვლილი ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხე.

შეთანხმებაზე ხელმოწერის პარალელურად ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ეკოლოგიურ-დაზვერვით სამუშაოებს “როსნეფტი” 3,9 კვადრატული კილომეტრის ფართობზე ჩაატარებს. ამისთვის რუსული კომპანია აპირებს 15 მილიარდი რუბლის ინვესტიციის გათვალისწინებას, თუმცა არა აფხაზურ ბიუჯეტში, არამედ მის მიერ მოწვეული სპეციალისტების ანაზღაურებისა და სხვა ტექნიკური საჭიროებისათვის.

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გააპროტესტა “როსნეფტსა” და “აფხაზტოპს” შორის დადებული გარიგება და აღნიშნა, რომ რუსეთი არღვევს  საერთაშორისო სამართალს და  განაგრძობს საქართველოს ფაქტიურ ანექსიას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2009 წლის 25 დეკემბრის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ”რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება, აწარმოოს დაზვერვითი  და საძიებო სამუშაოები საქართველოს საზღვაო აკვატორიაში ნავთობისა და გაზის საბადოების მოძიებისა და განვითარების მიზნით, ღიად და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და კანონმდებლობას, კერძოდ კი “ საზღვაო სამრთლის შესახებ” გაეროს 1982 წლის კონვენციას, ამასთან, საქართველოს კანონს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” და საქართველოს კანონს “ნავთობისა და გაზის შესახებ”.

2009 წლის 24 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას მწვავე შეფასებები მოჰყვა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც. სადაც აღნიშნეს, რომ  კრემლი მსგავსი ნაბიჯებით “ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ეთნიკური  წმენდის დაკანონებას ცდილობს“.

ზოგიერთი ქართველი ექსპერტის მოსაზრებით, აფხაზეთში „როსნეფტის“ შესვლის ყველაზე გახმაურებული საბაბი გახდა საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის აკვატორიაში არსებული ნავთობის მარაგის მოპოვება, მაგრამ ეს იმთავითვე ავანტიურა იყო, რადგანაც „როსნეფტის“ მიზანს წარმოადგენს არა ნავთობის ძიება და მოპოვება , არამედ  თავისი  ბენზინგასამართი სადგურების  ქსელის განვითარება  ამ რეგიონში, საიდანაც მას შეუძლია რეალური მოგება მიიღოს

   ექსპერტები ხშირად სვამენ კითხვას. სინამდვილეში არსებობს თუ არა შავ ზღვაში ნავთობის მარაგები. სპეციალიტების თქმით, „ საბჭოთა პერიოდში  შავი ზღვის ფსკერზე მართლაც ხორციელდებოდა ნავთობსაძიებო სამუშაოები. თუმცა მათი შესწავლა მხოლოდ ზედაპირულად მოხდა. მეცნიერები მხოლოდ ვარაუდობდნენ ნავთობის არსებობას, მაგრამ ამასთან დაკავშირებით რამე დამადასტურებელი საბუთი მოპოვებული ვერ იქნა. აფხაზეთის აკვატორიის  სიღრმის შესწავლისას აღმოაჩინეს გარკვეული ადგილები, რომელთაც ქვაბულის ფორმები გააჩნიათ და სადაც, სავარაუდოდ, ნავთობი შეიძლება იყოს. მათ ვარაუდებს ამყარებს ნავთობის  გარკვეული მოცულობების არსებობა ტუაფსესა და ფოთის აკვატორიაში“.

   იმ პერიოდში  აფხაზების  ერთი ნაწილი იმედოვნებდა, რომ ნავთობის მარაგის აღმოჩენა მათ “ქვეყანას” პატარა კუვეიტად გადააქცევდა, ნაწილი კი  ნავთობის მოძიებისადმი პესიმისტურად იყო განწყობილი და თვლიდა, რომ  ნავთობსაძიებო სამუშაოების წარმოება და  შავი ზღვის სანაპიროს გადათხრა მათ მხარეში ეკოლოგიურ ბალანსს შეარყევდა და აფხაზეთს ტურისტებისთვის არამიმზიდველს გახდიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობს აფხაზეთში საბჭოთა პერიოდიდან ეძებენ. გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან სოხუმსა და  გაგრას შორის, ზღვის შელფის 22 მონაკვეთი იქნა დაზვერილი, თუმცა ერთის მხრივ, მოპოვების არარენტაბელურობის, მეორე მხრივ კი ეკოლოგიური მოსაზრებებით, ეს სამუშაოები შეჩერდა. დღეისათვის, შავი ზღვის აფხაზეთის შელფზე, ნავთობის პოვნის ალბათობა 14  პროცენტით არის შეფასებული.

   სხვადასხვა ექსპერტული გათვლებით, შესაძლებელია, შავ ზღვაში ხუთ მილიარდამდე ბარელი ნავთობი არსებობდეს, თუმცა ტექნოლოგიურად შავი ზღვის შელფზე მუშაობა იმდენად რთული და ძვირადღირებულია, რომ ჯერჯერობით ბურღვის ეტაპამდე შავი ზღვის აუზის არც ერთი ქვეყანა არ მისულა.  თურქეთი, უკრაინა და რუსეთი მხოლოდ დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებენ.              

 შემდგომ წლებში ოკუპირებული აფხაზეთის შელფზე ნავთობის აღმოჩენისა და მოპოვების  საქმე გაიყინა.          აფხაზეთის  ე.წ. პარ­ლა­მენ­ტმა სა­კი­თხი ეკო­ლო­გი­უ­რი რის­კე­ბისა და საზოგადოებაში ატეხილი ხმაურის გამო ჩა­აგ­დო და რუ­სუ­ლი და აფხა­ზუ­რი მხა­რე­ე­ბის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი შე­თან­ხმე­ბა რამ­დე­ნი­მე წლით შე­ჩერ­და.

  ბოლო ხანებში ისევ აქტუალური გახდა „როსნეფტის“ მიერ შავი ზღვის აფხაზეთის შელფზე ნავთობის  მოძიებისა და მოპოვების თემა  რუსეთისა და აფხაზეთში მისი პოლიტიკისა და ინტერესების გამზიარებელი ჯგუფების მონაწილეობითა და მხარდაჭერით.

როგორც  სააგენტო „ აქცენტი აღნიშნავს, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში ნავთობის მოპოვების თემის ირგვლივ ვნებათაღელვა განახლდა. ამის მიზეზად  ოკუპირებული აფახზეთის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან ორი ნავთობკომპანიისთვის  – „როსნეფტისა“ და „აფსნი ოილისთვის" ნავთობის საძიებო სამუშაოების წარმოების ლიცენზიის გახანგრძლივება იქცა. 

„პირველთან ხელშეკრულება 2009  წელს დაიდო, მეორესთან – 2014 წელს.

აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის ეკოლოგები და ოპოზიციონერი პოლიტიკისები  ირწმუნებიან, რომ დადებული ხელშეკრულებები "ყაჩაღურია, დრაკონული და აფხაზეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება".

ამასთან, მათი აზრით,  „აფსნი ოილი“ რეალურად იგივე „როსნეფტია“ და მოქმედი აფხაზი ჩინოსნები ამ მორიგი "აფერით" დიდ ფულს შოულობენ.

როგორც ოპოზიციონერი აქტივისტები მიუთითებენ, ე.წ. ეკონომიკის სამინისტროსა და „აფსნი ოილს“ შორის შეთანხმება 2014 წელს, სულ ცოტა ხნით ადრე დაიდო მანამ, სანამ იმდროინდელი ე.წ. მმართველი გუნდი შეიცვლებოდა.  გარდა ამისა, მათი შეფასებით, აფხაზურმა ე.წ. პარლამენტმა საინვესტიციო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლებიც ნავთობკომპანიებს გადასახადებისგან ათავისუფლებდა, სწორედ „აფსნი ოილის“ ინტერესებს მიუსადაგა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ.  ეკონომიკის ექს-მინისტრი დავით ირადიანი, რომელიც 2014 წლის შეთანხმებას აწერს ხელს, 5 წლის შემდეგაც არ ასახელებს კომპანიის დამფუძნებლების ვინაობას და ნავთობის მოპოვებაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატორებს უმაღლეს დე ფაქტო ხელმძღვანელობასთან ამისამართებს“.- აღნიშნავს სააგენტო.  (Accent, 11.02.19)

2019 წლის 19 თებერვალს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში  აგრარული პოლიტიკის, ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის „ სახელმწიფო“კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელიც  „ აფსნი ოილისათვის“  შავი ზღვის აფხაზეთის შელფზე ნავთობის საძიებო სამუშაოებისა და მისი მოპოვების უფლებების მიცემას მიეძღვნა.

 სხდომის გახსნისას ე.წ. კომიტეტის თავმჯდომარემ ასტამურ თარბამ აღნიშნა, რომ ადრე უკვე ჩატარდა კომიტეტის სხდომა ამ თემაზე და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამოთხოვილ იქნას შესაბამისი მასალები დეტალური შესწავლისათვის. „მაგრამ გამოჩნდა სხვა საკითხებიც, რომლებზეც პასუხები წარმოდგენილ მასალებში არაა. ამასთან დაკავშირებით დღეს ჩვენ მოვიწვიეთ კომპეტენტური პირები თემის განხილვისთვის“,-განმარტა თარბამ.

თავის მხრივ ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ აღნიშნა:“მთავრობამ უნდა შეასრულოს ის  შეთანხმებები, რომელიც  სახელმწიფომ გააფორმა. არსებობს ეკოლოგიის სამსახურები, რომლებიც დაკავდებიან ამ კომპანიების მონიტორინგით“.

ე.წ. გეოლოგიის, გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და მიწათსარგებლობის სახელმწიფო სამმართველოს უფროსმა ადამურ ახუბამ აღნიშნა, რომ დღეისათვის არ შეიძლება  ლაპარაკი ნავთობის რაღაც  მოცულობის  არსებობის შესახებ. „ ახლა საუბარი მიდის  დაზვერვით სამუშაოებზე, ამის შემდეგ განსაზღვრული იქნება მოცულობები. უნდა აღინიშნოს რომ დაზვერვა მიმდინარეობს რუსული  კომპანიის  საკუთარი სახსრებით“,- აღნიშნა ახუბამ.

   აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ ხაზი გაუსვა, რომ მთავარი საკითხია თუ  რას მიიღებს  აფხაზეთის ბიუჯეტი 1 ბარელი ნავთობიდან, თუკი  ის  აღმოჩენილი იქნება.

 „თუ ჩვენ ვლაპარაკობთ აფხაზეთის კონკრეტულ წილზე 1 ბარელი ნავთობიდან,   ეს უნდა იქნას განხილული კომისიის ფარგლებში. შეთანხმება პროდუქციის გაყოფაზე- ეს ყოვლისმომცველი დოკუმენტია, რომელიც  საერთაშორისო აქტს წარმოადგენს. მოცემული მომენტისთვის ჩვენ შეგვიძლია დავაყენოთ ჩვენი პირობები. ჩვენ ჯერ არაფერი  არ დაგვიკარგავს. უნდა შეიქმნას კომისია, რომელსაც  მივაწოდებთ ჩვენს მიერ დამუშავებულ საკითხებს.“-აღნიშნა არძინბამ.

   სხდომის შედეგად შეთავაზებულ იქნა სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც განიხილავს ნავთობის მოძიებისა და მოპოვების სამუშაოებთან დაკავშირებით  ნებართვის გაცემას.

  ამავე სხდომაზე ე.წ. დეპუტატმა ასლან ჯაპუამ ე.წ. აფხაზეთის ექსხელმძღვანელები ალექსანდრე ანქვაბი და  ლეონიდ ლაკერბაია  „როსნეფტთან“კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ    ეს ადამიანები ნებისმიერ შეთანხმებას მოაწერენ ხელს თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ.

სხდომის პარალელურად  ე.წ. პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები აქციას მართავდნენ სახელწოდებით „არა კორუფციას!“ რომელიც ერთგვარად ეხმაურებოდა  დეპუტატ ალმას ჯაპუას მიერ დაყენებულ საკითხს.

აღსანიშნავია, რომ  ე.წ. პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატთა უმრავლესობა რუსული კომპანიის მიერ  ნავთობის მოძიებისა და მოპოვების  საკითხს დაეთანხმა, მხოლოდ უმცირესობამ გამოხატა პროტესტი და უკმაყოფილება.

   აფხაზური საზოგადოება უნდობლად უყურებს  რუსული  კომპანიის მიერ აფხაზეთში ნავთობის საძიებო და მოპოვების სამუშაოების წარმოებას, რადგან მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ნავთობი იქნება აღმოჩენილი, ეს  ხალხს არაფერს არ მოუტანს და თანხები რომლებიც იქიდან შემოვა, მხოლოდ ცალკეული ჩინოვნიკების ჯიბეებში „დაილექება“. ნავთობის მოპოვებისგან კი  იზარალებს  აფხაზეთის უნიკალური ბუნება, განადგურდება  ეკო სისტემა,   საბოლოოდ გადაშენდებიან ისედაც  გადაშენების პირას  მყოფი და  წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი სახეობის წყლის ბინადრები, ფლორა და  ფაუნა.

   საზოგადოების პროტესტი და  ეჭვები აირეკლა  ამ თემასთან დაკავშირებით ინტერნეტმომხმარებლების  მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარებში, რომელიც ქვემოთ მოგვყავს:

         "ეს არის პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი ახ­ლავს თან, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ხე­ლის გულ­ზე გვი­დევს არა­ერ­თი სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნის ჩა­ვარ­დნის მა­გა­ლი­თი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ლა­მის ყვე­ლა­ზე უკე­თე­სი ზღვა, პლა­ჟი, მთა, ჰა­ე­რი და სხვა ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი გვაქვს, ეს სფე­რო მა­ინც ვერ გან­ვი­თარ­და, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ვერ მუ­შა­ო­ბენ" - ირაკ­ლი სა­ლია.

"ყველ­გან კო­რუფ­ცი­აა: გზებ­ზე ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იხო­ცე­ბა და მა­ინც ქრთა­მით გას­ცე­მენ მარ­თვის მოწ­მო­ბას, საგ­ზაო წე­სებს არა­ვინ იცავს და "გაი" ფულს იღებს; ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რებს იჭე­რენ, ფულს არ­თმე­ვენ და შემ­დეგ ისევ ქუ­ჩა­ში უშ­ვე­ბენ - ამის მერე რო­გორ მჯე­რო­დეს, რომ ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნად, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად მოხ­დე­ბა და სი­რი­ას არ და­ვემ­სგავ­სე­ბით?! მგო­ნი, ისე გა­და­ბურ­ღა­ვენ აქა­უ­რო­ბას, ის რამ­დე­ნი­მე ათა­სი რუ­სიც აღარ მო­ი­სურ­ვებს აქ და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­მოს­ვლას" - წერს მერი სა­დი­ოღ­ლი.

"საქ­მე ის არის, რომ ჩვენ ერ­თი­ა­ნი აზრი არას­დროს გვაქვს - სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში ყვე­ლა აპ­რო­ტეს­ტებ­და ამ პრო­ექტს, მაგ­რამ აქ­ცი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და მი­ლი­ცი­ის ათამ­დე თა­ნამ­შრო­მე­ლი მი­ვი­და. ეს კარ­გად იცი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა მხა­რე­ებ­მა და შე­სა­ნიშ­ნა­ვა­დაც იყე­ნე­ბენ. დიახ, ასე­თი სა­ხის პრო­ექ­ტი სა­რის­კოა ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, თუმ­ცა, არა იმ­დე­ნად, რომ მისი ჩა­ვარ­დნის ან ჩა­რე­ვის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მის შემ­თხვე­ვა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ­დეს" - წერს ვა­ლენ­ტინ ვოლ­კო­გო­ნი­ვი.

"ასეთ სა­კი­თხებს წე­სით რე­ფე­რენ­დუ­მით უნდა წყვეტ­დნენ. ეს არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც ავად­მყო­ფი ცუ­დად გახ­დო­მის შემ­თხვე­ვა­ში აქა­ურ ექიმ­თან არ მი­დის, რად­გან არ ენ­დო­ბა - სამ­კურ­ნა­ლოდ მე­გობ­რე­ბის რჩე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს ან ქვეყ­ნი­დან მი­დის და ვინ­მეს წარ­მო­უდ­გე­ნია, რომ აქ ნავ­თობს მო­ი­პო­ვე­ბენ და ამით ეკო­ნო­მი­კას უშ­ვე­ლი­ან?" - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

 საზოგადოებრივი აქტივისტი ალხას თხაგუშევი აცხადებს, რომ  ნავთობის მოპოვების მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე, ეკოლოგიური უსაფრთხოების ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს. „პატარა აფხაზეთის კურორტების ნავთობის კოშკურებთან დაკავშირება – ძალიან სახიფათოა. დიდ ქვეყნებს ნავთობის დაღვრის შემთხვევაში შეუძლიათ, საკუთარ თავს უფლება მისცენ, თავიანთი ტერიტორიის ნაწილი დააკონსერვონ. ჩვენ რას ვიზამთ, რამე რომ მოხდეს?

ამ კითხვაზე ძალიან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, შევისწავლოთ სიტუაცია და მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილოთ შესაძლო მოპოვების საკითხი“, – განაცხადა მან მედიაკლუბ “Apsny Today -სთან ინტერვიუში.

ალხას ტხაგუშევი ასევე ამბობს, რომ ის ნავთობის მოპოვების წინააღმდეგია „მათ შორის, სახელმწიფო აპარატის არაეფექტური მუშაობის გამო“.

„ჩვენ ბევრ სფეროში სისტემური კრიზისი გვაქვს. ახლა ჩვენთვის ახალი სფეროს განხილვას ვიწყებთ – და რატომღაც ვთვლით, რომ აი, აქ მოხდება რაღაც სასწაული. და რომ აქ აღარ გვექნება კორუფცია, აღარ გვექნება არაეფექტური მმართველობა და შესანიშნავ შედეგებს მივაღწევთ“, – ამბობს თხაგუშევი. (jamnews.net, 04.02.19)

ზემოთმოყვანილი სტრიქონებიდან აშკარაა, რომ  აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება  აფხაზეთის ტერიტორიაზე ნავთობის მოძიებისა და მოპოვების დაწყებას. თუმცა სეპარატისტულ  ხელისუფლებას არაფრად მიაჩნია ხალხის აზრი და ცდილობს ოკუპირებული ტერიტორია კიდევ ერთი სახიფათო რისკის ქვეშ მოაქციოს  საკუთარი კეთილდღეობისათვის.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უკონტროლო ტერიტორიიდან რადიოაქტიური ნივთიერებები იკარგება. როგორც „რადიო თავისუფლების“ ეთერში გაჟღერდა, ამ მხრივ პოტენციური საფრთხის წყაროდ სახელდება სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1945 წელს შეიქმნა. „იგი ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ ობიექტს წარმოადგენდა და არასტაბილურ იზოტოპებს ამზადებდა. როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ მერაბ ბოკუჩავამ  რამდენიმე წლის წინ განაცხადა, მასში საბჭოთა ატომური ბომბის შექმნაზე მსოფლიო მასშტაბის გერმანელი ფიზიკოსები, ნობელის პრემიის ლაურეატი გუსტავ ჰერცი და პროფესორი მანფრედ ფონ არდენე მუშაობდნენ“.(რადიო თავისუფლება, 08.09.2005)

   მერაბ ბოკუჩავა: “ ინსტიტუტი ჩამოყალიბდა 1945 წელს. თავის დროზე აქ მუშაობდნენ პირველი ატომური ბომბის შექმნაზე, კერძოდ, ურანის იზოტოპების განცალკავების საკითხზე. ასევე აქტუალური იყო ურან-235-ის სამრეწველო გზით მიღების ტექნოლოგიის დახვეწა.”

გერმანელმა ფიზიკოსებმა დასახულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს. მეტიც, მათი ხელმძღვანელობით შეიქმნა მსოფლიოში პირველი მასპექტრომეტრი. თუმცა ამ მოვლენებიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა. დღეის მდგომარეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ინსტიტუტი მხოლოდ ფორმალურად ფუნქციონირებს. აატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი კი ინსტიტუტის ლაბორატორიებში არსებული რადიოაქტიური გამოსხივების წყაროების შენახვისა და დაცვის პირობებით არის შეშფოთებული, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის იოსებ კაკუშაძის თქმით, რადიოაქტიური ნივთიერებები ინსტიტუტის ტერიტორიაზე სახელდახელოდ მოწყობილ ბუნკერშია განთავსებული.

“ბეტონის ბუნკერს კარი ერთი მხრიდან ჰქონდა მხოლოდ, დანარჩენი მხრიდან მიწის საფარი იყო დაცული. კარის წინაც დაწყობილი იყო ბეტონის ფილები, რათა მისადგომად ძნელი ყოფილიყო. ჩვენ როცა გახსნა დაგვჭირდა აღწერისათვის, დაახლოებით  ერთი დღე მუშაობდა ამწე.”-ამბობს იოსებ კაკუშაძე,

   სოხუმის დაცემამდე ორი თვით ადრე ინსტიტუტის რადიაციული უსაფრთხოების სამსახურმა სრულად აღწერა ყველა ის  რადიოაქტიური მასალა და ნარჩენები, რომელიც ამ დროისათვის არსებობდა ლაბორატორიებსა და აგუძერის და სინოპის საცავებში. 1993 წლის 21 ივნისით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, ინსტიტუტის განკარგულებაში იყო 244 დასახელების რადიოაქტიური მასალა, მათ შორის- გამდიდრებული ურანი.(რადიო თავისუფლება, 22.06.05)

სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გურამ ბოკუჩავას თქმით, მასალების სრული ჩამონათვალი და აღწერილობა სოხუმში ინახება. „აგუძერის სპეციალურ საწყობში ინახებოდა 90-96 პროცენტამდე გამდიდრებული „ურან-235“-ს  ტაბლეტები, დაახლოებით 655 გრამის ოდენობით. სხვა ლაბორატორიებსა და საცავებში მეტი ურანი არ იყო დაფიქსირებული”.

9 წლის შემდეგ  ინსტიტუტი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა შეამოწმეს.  პროფესორ გურამ ბოკუჩავას თქმით, სააგენტოსათვის საინტერესო 250 ნივთიერებიდან, დაკარგულია ყველაზე მნიშვნელოვანი- გამდიდრებული ურანის აბები: „ნივთიერებებს შორის იყო 655 გრამი გამდიდრებული ურანი, აბების სახით. საყურადღებოა ის, რომ 2002 წელს აფხაზეთში ჩასული იყვნენ „მაგატეს“ წარმომადგენლები. მათ აღწერაში ყველა ნივთიერება მოხვდა, გარდა ამ გამდიდრებული ურანის აბებისა“.

   ამ ფაქტების გათვალისწინებით, საოცარი არაფერია იმაში,  რომ სხვადასხვა წყაროები ადასტურებენ აფხაზეთში რადიაციული ნარჩენების არსებობის ფაქტებს. მეტიც, პეტერბურგელ მეცნიერთა ჯგუფმა აფხაზეთში ჩატარებული რადიაციული გამოკვლევების მასალებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუდაუთა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე დაბინძურებული ადგილია და რადიაციული დაბინძურების დონით მხოლოდ ჩერნობილს  ჩამოუვარდება. ინფორმაციის სიმწირის გამო, ამ საკითხთან დაკავშირებით ქართველი მეცნიერები კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა ის ფაქტი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს აფხაზეთის ტერიტორიაზე რადიოაქტიურ ნივთიერებათა სამარხის  მშენებლობას, უდავოდ პრობლემის სიმწვავეზე მიანიშნებს. მოგვიანებით გაჩნდა ვერსიები იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ბირთვული მასალები, შესაძლოა, საერთაშორისო ტერორისტთა განკარგულებაში აღმოჩნდეს და , რომ 2002 წლის მაისში სოხუმში მოიპარეს ცეზიუმი, რომლის მოძებნაში აფხაზურ მხარეს რუსი სპეციალისტები ეხმარებოდნენ. 2004 წელს ბრიტანული პრესა იუწყებოდა, რომ  აფხაზეთში უკვალოდ გაქრა 2 კილოგრამი ურანი, შემდგომში კი სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების მიერ დასახელებულმა რაოდენობამ ხუთ კილოგრამს გადააჭარბა. როგორც გურამ ბოკუჩავა აღნიშნავდა, სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში დაცული ურანის რაოდენობა ერთ კილოგრამსაც ვერ აღწევდა და საეჭვოა, რომ ეს მოცულობა მოგვიანებით გაზრდილიყო: “93 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით, სანამ ჩვენ იქ ვიყავით, ასეთი რაოდენობის გამდიდრებული ურანი ინსტიტუტში არ ყოფილა. რასაკვირველია, თუ მას ვინმე არ შეიტანდა იქ. შეტანა კი რუსეთის მხრიდან უნდა მომხდარიყო.” თუმცა მეცნიერი ამაში ვერავითარ ლოგიკას ვერ ხედავს. {რადიო თავისუფლება, 22.06.2005).

ბირთვული მასალების დაკარგვას უარყოფს აფხაზეთის მარიონეტული  რეჟიმის მიერ სოხუმის ე.წ. ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორად დანიშნული ანატოლი მარხო­ლია, რომელიც აცხადებს, რომ არსებული ნივთიერებები სათანადოდაა დაცული. ურანის დაკარგვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას სოხუმში მიზანმიმართულად გავრცელებულ ჭორად აღიქვამენ, რომლის მიზანიც ტურისტების დაშინებაა. გარდა ურანისა, აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო წყაროები ავრცე­ლებენ ინფორმაციას პლუტონიუმის შესახებაც. როგორც ისინი აცხადებენ, ამ რამდენიმე წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 9 კილოგრამი პლუტონიუმი არის დაკარგული, რაც ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით საფუძველს მოკლებულია.

2006 წელს მწვანეთა  პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე არ გამორიცხავდა, რომ რადიოაქტიული ნივთიერება პოლინიუმ 210 თვითგამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ფიზიკის ინსტიტუტში და ასევე გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ინახება. იგი ასევე არ გამორიცხავდა, რომ სწორედ აფხაზეთიდან მოხდა ამ ნივთიერების გატანა დიდ ბრიტანეთში, სადაც ამ რადიოაქტიური ნივთიერებით ყოფილი რუსი აგენტი ლიტვინენკო მოწამლეს.

“ჩვენ გვაქვს ყველა მასალა იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად არსებობს ასეთი ნივთიერება აფხაზეთის ტერიტორიაზე და უფრო მეტიც , არსებობს სხვა, გაცილებით უფრო ძლიერი ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ასევე ძალიან საშიშია. მოვითხოვთ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა განიხილონ აფხაზეთის ტერიტორიაზე პოლინიუმ 210-ის არსებობა, როგორც ლონდონში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი სავარაუდო წყარო“,- განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ. ( “სივილ ჯორჯია”, 7.12.06).

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, 1993 წლიდან მოყოლებული, დდადგენილია რუსეთიდან გამდიდრებული ურანისა და პლუტონიუმის კონტრაბანდის 18 ფაქტი.

„ექსპერტების მიერ საქართველოში დაფიქსირებულია რუსეთის საჯარისო ფორმირებების მიერ თავიანთი ბაზირების ადგილებში რადიოაქტიური მასალების დატოვების 197 შემთხვევა.

კონტრაბანდისტებმა ურანის პირველი პარტია ოკუპირებული აფხაზეთიდან გაიტანეს მაშინ, როცა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური  ინსტიტუტის ლაბორატორიიდან მოიპარეს ორი კილოგრამი აღნიშნული ნივთიერება. საქართველოს სპეცსამსახუ­რების მონაცემებით, ინსტიტუტის სამარხში ინახებოდა 258-მდე სახეობის რადიო­აქტიური ნივთიერება გამდიდრებული ურანის ჩათვლით. სხვადასხვა წყაროები აღნიშნავდნენ, რომ მოგვიანებით კონტრაბანდისტები პოლონეთში დააკავეს. ის პირები, რომლებსაც კონტრაბანდული ურანი გადაჰქონდათ, რამდენიმე  წლის წინათ ბელორუსშიც დააპატიმრეს. ქართულმა სპეცსამსახურებმა 2005 წელს კონტრაბანდისტებისაგან ამოიღეს  გამდიდრებული  ურანის  კიდევ ერთი პარტია,  რომელიც რუსეთიდან ახლო აღმოსავლეთის შავ ბაზარზე სარეალიზაციოდ გადაჰქონდათ. (ექსპერტთა კლუბი, 11.05.10)

საქართველოში ბირთვული უსაფრთხოების საკითხს მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი მსოფლიო ტერორიზმის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშში, სადაც ნათქვამია:

“აშშ-ს მთავრობამ დააფინანსა პროგრამები, რომლებიც ფოკუსირებული იყო საქართველოს საზღვარზე დამნაშავეების იდენტიფიცირებაზე, გამოძიებასა და დაკავებაზე, ბირთვული ან რადიოაქტიური მასალების, მაღალი რისკის შემცველი ტრანსპორტის, კონტრაბანდის აღმოჩენაზე“.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2009 წლის დეკემბრის დასაწყისში საქართველოს პოლიციამ დააკავა თბილისში ტერაქტების სერიაში ეჭვმიტანილები, ასევე ბრალი დაედო აფხაზეთში მცხოვრებ ორ პირს და რუს სამხედრო ოფიცერს.

„რუსეთის ხელისუფლებას ეთხოვა ამ პირების დაკითხვასა და დაკავებაში დახმარება. ნოემბრის თვეში სომხური წარმოშობის ორ მოქალაქეს 13 და 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ საქართველოში 18 გრამი გამდიდრებული ურანის კონტრაბანდისათვის“,-ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.(ახალი ამბების სააგენტო; (mfa.gov.ge, 18.08.2011)

აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები და ექსპერტები არ უარყოფენ, რომ  ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დაბინძურებულია რადიოაქტიური ნივთიერებებით, რაც საფრთხეს უქმნის  როგორც რეგიონს, ასევე მიმდებარე ტერიტორიებსაც. ამ ნივთიერებების აღმოჩენა და სათანადო პირობებში შენახვა საკმაოდ რთულ და ძვირადღირებულ სამუშაოსთანაა დაკავშირებული. ცალკე  თემაა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში არსებული რადიოაქტიური ნივთიერებებისა და სპეციფიკური ხელსაწყოების მოვლა-პატრონობის საკითხი.

2013 წლის მარტის თვეში სამხრეთ კორეის დედაქალაქში, სეულში ბირთვული უსაფრთხოების  სამიტის დაწყებამდე აშშ-ს პრეზიდენტმა  ბარაქ ობამამ სეულის პანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას საქართველო მოიხსენია იმ ქვეყნებს შორის, სადაც გამდიდრებული ურანის კონტრაბანდა რამდენჯერმე  წარმატებით აღკვეთეს. სეულის სამიტზე საქართველომ ერთხელ კიდევ მოითხოვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო კონტროლის მექანიზმების ამუშავება. “პოსტსაბჭოთა სივრცეში ბირთვული უსაფრთხოების გასაძლიერებლად ჩვენ ძალისხმევის გაორმაგება გვჭირდება. ამ რეგიონებში დიდი რაოდენობით ბირთვულ ნივთიერებებთან  ერთად არის ქვეყნები, რომლებსაც კონტრაბანდისტებისა და საშიში დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სჭირდება. ჩვენს რეგიონში საჭიროა ძლიერი და გრძელვადიანი საერთაშორისო ჩართულობა.”აღნიშნეს საქართველოს წარმომადგენლებმა.

                       

* * *

ოკუპირებულ  აფხაზეთში არსებული საგანგაშო ეკოლოგიური სიტუაციასთან დაკავშირებით   ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი ფაქტები და მასალები  ძირითადად ღია წყაროებიდან და ექსპერტების გამოსვლებიდან არის  აღებული. იმის გამო, რომ  დღეისათვის ოკუპირებულ ტერიტორიიდან    ადრე მოქმედი ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გაწვეულია და  მათი წარმომადგენლები  იქ შესვლას ვერ ახერხებენ, თავისთავად კონტროლის და  მონიტორინგის მექანიზმიც არ არსებობს. ამდენად, საერთაშორისო მონიტორების მხრიდან  ბოლო წლებში  არ  მიმდინარეობს მიზანმიმართული მუშაობა  ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ეკოლოგიური პროცესების შესასწავლად, იმ დარღვევების აღმოსაჩენად, რომელიც  ბუნებას და ზოგადად ეკოსისტემას აზიანებს და რაც საბოლოო ჯამში, პირდაპი აისახება იქ მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხზე.

სამწუხაროდ, ბოლო დროს ძალიან ცოტა იწერება ქართულ მედია-გამოცე­მებშიც ოკუპირებული ტერიტორიაზე არსებული ეკოლოგიური სიტუციის შესახებ, შესაბამისი უწყებებიც სათანადოდ არ ინტერესდებიან იქ მიმდინარე პროცესებით, რაც სეპარატისტულ დაჯგუფებებსა და არაკეთილსინდისიერ  მეწარმეებს  ხელ-ფეხს უხსნის უკანონო  ქმედებებისაკენ ,  რასაც ადასტურებს ბოლო დროს სეპარატისტულ ხელისუფლებასა და საოკუპაციო ძალას შორის დადებული არა ერთი შეთანხმება, მათ შორის რუსულ ბაზარზე ინერტული მასალების გატანის შესახებ.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე,  აუცილებლად მიგვაჩნია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და  ეკოლოგიის თემაზე მომუშავე უწყებებისა და ინსტიტუტების ჩართვა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ეკოლოგიური პროცესების მონიტორინგისა და შესწავლის საქმეში, რაც ერთგვარად შეავსებს იმ ვაკუუმს, რაც აქამდე  არსებობდა.

 

გამოყენებული წყაროები

 

http://sevastopol.press/2018/06/11/v-krym-vezut-scheben-iz-abhazii/

https://crimea.kz/329422-V-Krym-vezut-sheben-iz-Abhazii.html

https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20180618/1024246722/abxaziya-otpravit-morem-v-krym-novyj-gruz-shhebnya.html Abkhaz auto.ru

Abkhazia inform

https://jamnews.net/%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98/?lang=kaEkhokavkaza

https://www.radiotavisupleba.ge/a/1541900.html

https://www.radiotavisupleba.ge/a/1543176.html

https://old.civil.ge/geo/article.php?id=14409

http://saqinform.ge/news/6713/saqarTvelo+da+ashsh+sazRvris+dacvis+gasaumhobeseblad+Tanamshromlobas+agrZeleben+.html

http://expertclub.ge/portal/cnid__4521/alias__Expertclub/lang__ka-GE/tabid__2546/default.aspx

http://www.accentnews.ge/ge/news/details/67042

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატის პოლიტიკური

ანალიზისა და კვლევების სამმართველო