აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2016 წლის განმავლობაში განხორციელებული სამედიცინო პროექტები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას 2016 წელს წინა წლების მსგავსად ჯანდაცვის სფერო წარმოადგენდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მთელი წლის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და თბილისში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისათვის მრავალი სამდიცინო-პროფილაქტიკური ღონისძიება ჩატარდა. წლის განმავლობაში მომსახურება სულ 3000-მდე ბენეფიციარს გაეწია და განხორციელდა 12500-მდე ვიზიტი ექიმთან. მდგომარეობის სიმძიმისა და სიმწვავიდან გამომდინარე 82 ბენეფიციარს ადგილზე გაეწია დახმარება, ჰოსპიტალიზირებულ იქნა 35 ბენეფიციარი, ხოლო გეგმიური ოპერაცია ჩაუტარდა 45 ბენეფიციარს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში ჩაერთო 200-მდე ბენეფიციარი, სხვადასხვა კლინიკებში ამბულატორიული დახმარება გაეწია 150-მდე ბენეფიციარს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებმა მიიღეს ოჯახის ექიმის, თერაპევტის, პედიატრის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, გინეკოლოგის, რეპრუდუქტოლოგის, ქირურგის, ოფთალმოლოგის, ოტოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგის, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტის, დერმატოლოგისა და ლაბორანტის მაღალკვალიფიციური მომსახურებები. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ სამედიცინო ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების სპეციალისტები, მათ შორის, შპს. „ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი", ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი, „კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი", ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი „მზერა", ფ. თოდუას კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი", კლინიკა „ენმედიცი", „ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი", „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი", თვალის კლინიკა შპს. „ახალი მზერა", ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა". აღნიშნული გამოკვლევების ფარგლებში დევნილ მოსახლეობას ასევე უფასოდ გადაეცათ მრავალი დასახელების მაღალი ხარისხის, ძვირადღირებული მედიკამენტი.

2016 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთავრობამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერასთან", შპს. „ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტთან" და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის". მემორანდუმები მიზნად ისახავს დევნილთათვის მომსახურებაზე გარკვეული სახის შეღავათებსა და დახმარებებს.