აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

გაგრა - ქალაქი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. გაგრის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს გაგრის უბის ვიწრო სანაპირო ზოლში, გაგრის ქედის სამხრეთ კალთაზე.  მანძილი თბილისიდან გაგრამდე -  534 კმ, მანძილი სოხუმიდან გაგრამდე - 90 კმ.

გაგრაში ჰავა ზღვის ნოტიო, სუბტროპიკულია.

გაგრის ტერიტორია პალეოლითის ხანიდან არის დასახლებული. II საუკუნის ავტორის, კლავდიოს პტოლემაიოსის მიხედვით, თანამედროვე გაგრის ტერიტორიაზე სვანოკოლხები სახლობდნენ. V-VI საუკუნეებში ის, როგორც მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი ყალიბდება.   ფეოდალურ ხანაში გაგრა საქართველოს ერთ-ერთ ნავსადგურს და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა.

XIX საუკუნის დასაწყისში, ქ გაგრა, სხვა დანარჩენ საქართველოსთან ერთად,  რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა.

1904 წელს გაგრა, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით გამოეყო სოხუმის ოკრუგს და  გადაეცა შავი ზღვის ოკრუგს. ქალაქის  აღმშენებლობა და მისთვის თანამედროვე სახის მიცემა  პრინც ალექსანდრე ოლდენბურგსკის სახელთან არის დაკავშირებული. ამიერკავკასიის მთავრობის ხელმძღვანელების,  აკაკი ჩხენკელისა და ევგენი გეგეჭკორის  ძალისხმევით  1917 წლის 6 დეკემბრიდან  გაგრა კვლავ სოხუმის ოკრუგს დაუბრუნდა და ასე იქნა შენარჩუნებული საქართველოს შემადგენლობაში.

გაგრა ქალაქად გამოცხადდა 1933 წელს.

1991 წლიდან იგი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში შემავალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქია.

გაგრას,  უნიკალური მდებარეობის და  შექმნილი მიკროკლიმატის გამო, საქართველოს კურორტებს შორის გამორჩეული ადგილი ეჭირა. ტურისტების მზარდ რაოდენობას უზრუნველყოფდა გაგრის განვითარებული ინფრასტრუქტურა, კერძოდ: 10  სანატორიუმი, 7  პანსიონატი, 8 დასასვენებელი სახლი, 3 დასასვენებელი ბაზა, 2 სპორტული ბაზა და 1 კემპინგი.

 გაგრის მრავალრიცხოვანი ღირსშესანიშნაობებიდან გამოირჩევა :

  • ძველი გაგრის ცნობილი ტყე–პარკი, რომელიც მდიდარია მსოფლიოს მრავალი კუთხიდან ჩამოტანილი ეგზოტიკური ხეებით, სუბტროპიკული მცენარეებით, ლამაზი ხეივნებით, შადრევნებით და აუზებით.
  • გაგრის მიდამოებს 3 ულამაზესი ხეობა ამშვენებს. ესენია: ჟოეკვარა, გაგრიფში და ციხერვა. ასევე,

მთა მზიური (მამზიშხა), რომელიც  გაგრიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1883 მეტრზე მდებარეობს.

  • გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე რიწის ტბა აფხაზეთის უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. იგი მდ.ლაშიპსესა და მდინარე იუპშარას ხეობებშია მოქცეული. რიწის ტბის და მისი შემოგარენის დასაცავად 1957 წელს რიწის დაცული ტერიტორია შეიქმნა. ნაკრძალის ტერიტორიაზე, ავადჰარის მიდამოებში მრავლადაა მინერალური წყაროები.  
  • განსაკუთრებით ყურადსაღებია გაგრის ძველი ისტორიული ძეგლები: IV-VI საუკუნეებში აგებული ჟოეკვარას სიმაგრე, ხაშუფსეს ციხე, VI საუკუნის გაგრის  ბაზილიკა - ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი.
  • გაგრის ზონის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი ისტორიული დაბაა ბიჭვინთა, რომელიც კავკასიის შავიზღვისპირეთის მთელ პერიმეტრზე ყველაზე პოპულარული კურორტია.  
  • ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს ბიჭვინთის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც იყო  აფხაზეთის საკათალიკოსო კათედრა და აფხაზეთის კათალიკოსის რეზიდენცია. ნიშანდობლივია, რომ ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე ნიკეის  I მსოფლიო საეკლესიო კრების (325) მონაწილე იყო.
  • ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალი, რომელიც  1966 წელს შეიქმნა. ნაკრძალის ბიჭვინთის მონაკვეთის ფართობი   347 ჰექტარია და  მასში 27 ათასი ძირი უნიკალური ფიჭვი ხარობს.
  • გაგრასა და გაგრის ზონაში  კარგად იყო განვითარებული ეკონომიკა. აქ  მრავალი სამრეწველო საწარმო ფუნქციონირებდა,  კონკრეტულად:   თევზის, ხილის წვენების, საკონსერვო და რკინა–ბეტონის ქარხნები,  ღვინის და ღორღის ქარხნები,მეფრინველეობის ფაბრიკა, ციტრუსების, სატყეო მეურნეობები და  სხვ.

ქ. გაგრაში და გაგრის ზონაში არსებობდა 25  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელთაგან 7 ქართული, 4 აფხაზური, 7 რუსული და 7 სომხური იყო.

გაგრისა და გაგრის ზონის  მოსახლეობის ჯანდაცვას ემსახურებოდა 4 საავადმყოფო, 3 პოლიკლინიკა, 2 დისპანსერი, 3 აფთიაქი და 11 ამბულატორია.

1992 წლამდე გაგრის ზონაში  მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირი იყო:

აფხაზი-9.1%, ქართველი - 28%,  რუსი -24, 2%, სომეხი- 29.7% , სხვა 9 %

ოკუპირებულია