აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებთან გიორგი ჯინჭარაძემ სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობისთვის დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი პოტენციალის სრულყოფილად რეალიზება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებისგან წამოსული ინიციატივები, იდეები და ხედვები მოისმინა.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი მონაწილეობდნენ.
აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში გაიმართა და მისი მიზანი ახალგაზრდების საჭიროებების მოსმენა, იდეების გაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა იყო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე დაინიშნა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მთავრობის წევრების შემადგენლობას ნდობა დღეს გამართულ სხდომაზე გამოუცხადეს.
გიორგი ჯინჭარაძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
„პირველ რიგში, მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო გუნდს მხარდაჭერისა და ნდობის გამოცხადებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია, პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა. ასევე მადლობას ვუხდი უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მხარდაჭერისთვის.
ჩემთვის ძალიან კარგად და ზედმიწევნით ნაცნობია ჩვენი დევნილების პრობლემები. მე ამ სტრუქტურაში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება მაქვს მიღებული, შესაბამისად შევეცდები ძალ-ღონე, დრო და ენერგია არ დავზოგო იმისთვის, რომ ჩვენ დევნილებისთვის შევქმნათ უკეთესი პირობები და ის გამოწვევები რაც მათ წინაშე დღეს დგას, მაქსიმალურად გადავჭრათ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
გიორგი ჯინჭარაძე წლების განმავლობაში საჯარო და კერძო სექტორში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2021-2024 წლებში იკავებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ხოლო შემდეგ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობებს. მთავრობისა თავმჯდომარედ დანიშვნამდე იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან მგალობლიშვილი შეცვალა, რომელმაც აღნიშნული პოზიცია 2025 წლის 2 ივნისს დატოვა.
გუნდთან და პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა.
მინდა მადლობა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამინისტროების ყველა თანამშრომელს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მხარდაჭერისთვის, იმ ათასობით დევნილს, რომელსაც პირადად შევხვდი ამ მოკლე დროში, მაგრამ ჩვენ შევძელით მცირედი, თუმცა ნაყოფიერი პროექტების განხორციელება.
მადლობა მხარდაჭერისთვის, მე ვრჩები თქვენთან როგორც ენგურს გაღმა, ასევე გამოღმა მცხოვრებ დროებით დევნილი მოქალაქეების უფლებების სადარაჯოზე.
ლევან მგალობლიშვილი
აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის მშენებარე ბაზილიკის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო აფხაზეთიდან დროებით დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და ფოტოგამოფენა, ახალგაზრდებისთვის ჩატარდა კალიგრაფიის მასტერკლასი. ასევე გაიმართა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება და აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების გალა-კონცერტი.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები და აფხაზეთიდან დროებით დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 2014 წელს დადგინდა.
23 მაისს აფხაზეთობა და მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო.
ტაძარში საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მშვიდობისა და ერთობის პარაკლისი გადაიხადა.
2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა.