აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143

სოხუმი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, სოხუმის ყურეში. ის მდინარეების - გუმისთისა და კელასურის ქვემო დინებათა შორისაა მოქცეული.   თბილისიდან სოხუმამდე მანძილი 444 კმ–ია.

სოხუმში ჰავა ზომიერად ნოტიო, სუბტროპიკულია.

ისტორიულ წყაროებში სოხუმი იხსენიება ძვ.წ. VI საუკუნიდან, ქართული სახელით დიოსკურია. ქალაქი  კოლხეთის სამეფოს მნიშვნელოვანი კულტურული და  სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი იყო, სადაც  ბერძნული სავაჭრო ფაქტორია არსებობდა.

ჩვ.წ. I საუკუნიდან მას სებასტოპოლისი ეწოდება, ხოლო  VIII საუკუნიდან,  ქართული  წყაროების მიხედვით, ცხუმი ერქვა. იგი შედიოდა ჯერ ცხუმის, შემდეგ სამეგრელოს საერისთავოში. სამეგრელოს მთავრების ნებართვით,  XIV-XV  საუკუნეებში  ცხუმში არსებობდა გენუელთა სავაჭრო ფაქტორია. XV საუკუნის ბოლოდან ქალაქში თურქები გაბატონდნენ, რამაც მისი დაქვეითება გამოიწვია. 1810 წელს ქალაქს  რუსები დაეუფლნენ.

სოხუმი ქალაქად გამოცხადდა 1848 წელს.

1864 წლიდან იგი  სოხუმის სამხედრო განყოფილების (შემდგომში სოხუმის ოკრუგის)  ადმინისტრაციული  ცენტრია.

1919 წლიდან სოხუმი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური აფხაზეთის,  ხოლო  1921 წლიდან საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში შემავალი აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის დედაქალაქია.

1991 წლიდან ქ. სოხუმი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში შემავალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქია.

სოხუმის  მრავალრიცხოვანი  ღირშესანიშნაობებიდან  გამოირჩევა 1840 წელს შექმნილი  სოხუმის ბოტანიკური ბაღი, რომელსაც მესამეული პერიოდის ნამარხ მცენარეთა უნიკალური კოლექცია ამშვენებს.  

სოხუმის რაიონში ფსხუს და გუმისთის ნაკრძალები მდებარეობს. ფსხუს ნაკრძალი დაარსებულია 1978 წელს და მისი ფართობია 27334 ჰა. გუმისთის ნაკრძალი კი დაარსებულია 1941 წელს და მისი ფართობი 13400 ჰა-ს შეადგენს.

სოხუმში და სოხუმის რაიონში მდებარეობს  მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები: დიოსკურიის ციხის   ნანგრევები, ბესლეთის XII საუკუნის ხიდი, ბაგრატის XI—XII სს.  ციხე-კოშკისა და ეკლესიის ნანგრევები, შუა საუკენეების აკლდამა - „ნართ სასრუყვა“,   სოხუმის კათედრალური ტაძარი.

სოხუმი ომამდე   საქართველოს მნიშვნელოვან სამრეწველო ცენტრს წარმოადგენდა. სოხუმში და სოხუმის რაიონში თავმოყრილი იყო მრავალი საწარმო და ფაბრიკა-ქარხანა:

გაზის მოწყობილობების ექსპერიმენტული,  ,,სოხუმხელსაწყოს“, ლუდისა და ხილის წვენების, ნახშირმჟავების ექსტრაქტების საცდელი, ქიმიური, გემსარემონტო და მექანიკური ქარხნები; ფეხსაცმლების, ქსოვილების, სამკერვალო,  გალანტერიის, სუვენირებისა და ხალხური რეწვის,  საკონდიტრო,  ჩაის,  თამბაქოს და ავეჯის ფაბრიკები;  თევზმჭერი და  თევზსაკონსერვო კომბინატი, ,,აფხაზღვინკომბინატი“,  ციტრუსების, მეცხოველეობის, სატყეო, მეფუტკრეობის მეურნეობები  და ა.შ.

სოხუმში არსებობდა სხვადსხვა ტიპის სამეცნიერო - საგანმანათლებლო  დაწესებულებები:

სოხუმის უნივერსიტეტი , რომელიც 1979 წელს სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი (სსმი), სოხუმის  ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი (სფტი), სოხუმის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (მაიმუნთსაშენი), სოხუმის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  დ.ი.გულიას სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურის  და ისტორიის ინსტიტუტი.

სოხუმში მოქმედებდა 3 საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, ინდუსტრიული ტექნიკუმი, სამედიცინო და  სამხატვრო სასწავლებლები. 

სოხუმში შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა  სამი თეატრი  (ქართული, აფხაზური, რუსული), მომღერალთა ქართულ -აფხაზური გუნდები (1904 წ.), აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი (1931 წ.), სოხუმის მუსიკალური სასწავლებელი (1931 წ.), სახელმწიფო  სიმფონიური  და საგუნდო კაპელა (1932 წ.), სოხუმის სიმფონიური ორკესტრი.  ასევე, არსებობდა  კომპოზიტორთა და მწერალთა კავშირები.

სოხუმსა  და სოხუმის რაიონში  იყო 2 სანატორიუმი, 4  დასასვენებელი სახლი, 2 ტურისტული ბაზა, 1 პანსიონატი,  1 სპორტული ბაზა, 1 პანსიონატი.

სოხუმისა და სოხუმის რაიონის მოსახლეობის ჯანდაცვას ემსახურებოდა:  7  საავადმყოფო,  5 პოლიკლინიკა,6  დისპანსერი, 15 ამბულატორია, სამშობიარო სახლი, ნეირო-ქირურგიული ცენტრი, 8 აფთიაქი და სხვ.

სოხუმში და სოხუმის რაიონში  იყო  12 ქართული, 3 აფხაზური, 8 ქართულ-რუსული,  7 რუსული, 7  სომხური,  1 ქართულ-რუსულ-აფხაზური, 1 ქართულ-რუსულ-სომხური სკოლა.

1992 წლამდე ქ. სოხუმის და სოხუმის რაიონის   მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირი იყო:

ქ. სოხუმი

აფხაზი-  12,5 %, ქართველი- 41, 5%, რუსი-21, 6%, სომეხი-10, 3%, ბერძენი -6.2%, სხვა -7.9%

სოხუმის რაიონი

 აფხაზი - 5.1%, ქართველი - 44, 4 %, რუსი -7,2 % სომეხი -28, 9 %, ბერძენი -10.2%  სხვა-  4, 4%

ოკუპირებულია